ორთაჭალაში მშობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგონა - ყოფილი პრიმაბალერინა ანი მურადელი აღმოჩნდა.
ანი მურადელი, რომელიც წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, ამჟამად დაკავებულია.
იგი, წუხელ სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. ანა მურადელმა დედის მკვლელობამდე, ერთი კვირის წინ ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა.
ანა მურადელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15 წელია ცეკვავს.
ოპერის თანამშრომლები ანა მურადელს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მათი თქმით დაკავებულს საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.
„ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, არაჩვეულებრივი და ულამაზესი გოგოა, ჩვენ ყველა შოკში ვართ. არ ვიცით რა მოხდა. საშინელი ტრაგედიაა", - აღნიშნა დასის ერთ-ერთმა წევრმა.
პრიმაბალერინას პირად ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდიც ჰქონდა. ანა და მისი მეუღლე, რეზო მაღალაშვილი რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ანას ქორწინებიდან არც შვილი ჰყოლია. რეზო მაღალაშვილი ცნობილი ბალერონის ნუკრი მაღალაშვილის შვილია. მეუღლის დაშორების შემდეგ, პრიმაბალერინა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. რამდენიმე წლის წინ ფეხზე ტრავმა მიიღო და სცენაზე პირველხარისხოვან როლებს ვეღარ ასრულებდა. ოპერის თანანმშრომლები ამბობენ, რომ ანა მურადელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებით ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი. სწორედ მისი დახმარებით, ანა მურადელს ფეხზე ოპერაცია და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ სამკურნალო კურსიც ჩაუტარდა.
ანა მურადელი ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი, ლევან მურადელი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო „კაპელის" ერთ-ერთი წევრი იყო. იგი დაახლოებით 5 წლის წინ გარდაიცვალა.
მეზობლების ინფორმაციით, ტრაგედიამდე დედა-შვილს შორის კონფლიქტი გახშირდა.
არსებული ინფორმაციით, ანა მურადელმა დედა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მოკლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.