თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში დაკავებულმა თურქმა ბიზნესმენმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.
ეს ინფორმაცია "მთელ კვირას" დაკავებული სინან სარაჩის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ მიაწოდა, რომელიც აღნიშნავს, რომ თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარანტიას ვერ მიიღებს და სასამართლოს ყველა ინსტანცია მისთვის უშედეგოდ დასრულდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ თურქი ბიზნესმენის დაპატიმრების შესახებ "რეზონანსი" ჯერ კიდევ 29 აპრილს წერდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი მერაბ მამულაძე აცხადებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერის გამო თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამსახურმა 21 აპრილს დააკავა.
ადვოკატის ინფორმაციითვე, სინან სარაჩს ბრალად წარდგენილი აქვს შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა, თუმცა ის ინტერპოლით ძებნილი კი არა, ნასამართლევიც არასდროს ყოფილა.
მერაბ მამულაძის განცხადებით, ბიზნესმენი საქართველოში 2016 წლიდან იმყოფება, დაკავებამდე ის თურქეთში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, არის ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს და, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველთა საბჭოს წევრი, რაც მისი დაკავების მოტივი გახდა.
"ბრალდება მიუთითებს და იქ პირდაპირ აღწერილია, მას მხოლოდ იმიტომ აქვს ბრალი წარდგენილი, რომ სასულიერო შეკრებებს ესწრებოდა და შესაწირს სწირავდა საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტების დასახმარებლად.
"მისი ორგანიზაცია თურქეთის მხარემ შერაცხა შეიარაღებულ დაჯგუფებად. აქ საუბარი არ არის გადატრიალებაზე, შეიარაღებულ თავდასხმაზე და ა.შ. იარაღი საერთოდ არ ფიგურირებს წარმოდგენილ საქმეში. უბრალოდ, რადგან ეს ადამიანი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოში იყო და ეხმარებოდა სტუდენტებს, ეს ჩათვალეს შეიარაღებულ დაჯგუფებად. წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება აქვს წაყენებული და მიაჩნია, რომ თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, რომლის შეფასებითაც, ქართული სახელმწიფოს მხრიდან უკვე კარგად ჩანს დამოკიდებულება, რადგან არც ერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი მოთხოვნით დაკავება არ განუხორციელებია.
აღნიშნულ საქმეზე "მთელი კვირა" პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა კითხვებზე, რა ბრალდებით მოხდა ბიზნესმენის დაკავება და აპირებენ თუ არა, რომ სასამართლოს მისი თურქეთში ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართონ, პროკურატურაში გვიპასუხეს, რომ ჯერ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ კი თურქმა ბიზნესმენმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.
როგორც დაკავებულის ადვოკატი მერაბ მამუალაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, ამ საკითხზე რამდენიმე დღეში გასაუბრება დაინიშნება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება სამინისტროს გადაწყვეტილება.
"სინან სარაჩმა საერთაშორისო დაცვის შესახებ ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა, რაც გულისხობს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომ ჩვენი სახელმწიფოსგან მიიღოს საერთაშორისო დაცვა, თავშესაფარი ან გარანტია, რომ თურქეთის სახელმწიფოში არ მოხდება მისი ექსტრადიცია.
"ამასთან დაკავშირებით პირველი ე.წ. ანკეტირება შედგა რამდენიმე დღის წინ, შემდეგ იქნება გასაუბრება და მერე უკვე გამოჩდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო. წინასწარ რაიმეს პროგნოზი რთულია, რადგან ასეთი საქმეები აქამდე პრაქტიკაში არც ყოფილა და ამ ხრივ სამინისტროს გამოცდილება არ აქვს. ჩვენი მხრიდან მიწოდებულია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც მის დევნას და მოსალოდნელ საფრთხეებს ადასტურებს," - ამბობს მერაბ მამულაძე.
თუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი თქვა, ადვოკატი ამბობს, რომ ამის გასაჩივრება სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოხდება და თუ იქაც სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, ერთადერთ გზად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა დარჩებათ.
რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნას, ადვოკატი ამბობს, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
"თავდაპირველად გამოგზავნილი აქვთ საქმის მასალები, რის საფუძველზეც დააკავეს და დაკავების მოთხოვნა, რაც ოფიციალურად არსებობს. ხოლო დაკავებიდან 40 დღის ვადაში საქმის მასალები, ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად, სრულად უნდა გადმოაგზავნონ. შესაბამისად, რამდენიმე დღეში, მაისის ბოლომდე ველოდებით," - ამბობს მერაბ მამულაძე.