"რასაც ამ დღეებში სამართალდამცველი სისტემიდან ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, იმ სისულელეებს და სასაცილო ვერსიას არ დაგვიმტკიცებენ, რომ თორდიამ თავად გაილახა თავი, რომ ეკვეთა 5 კაცს, ფარცხალაძე კი თავს იცავდა. ივანიშვილს ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში გია ხუხაშვილი.
"მთელი კვირა": ხელისუფლება 7 თვითმმართველ ქალაქს დაძალებით და ნაჩქარევად აუქმებს, რაც არასამთავრობოების მხრიდან შეფასდა, როგორც საბჭოთა კავშირში დაბრუნება. თქვენი აზრით, "ოცნება" დიდი ზარზეიმით მიღებულ საკუთარ რეფორმას 3 წლის თავზე რატომ აუქმებს?
გია ხუხაშვილი: ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების უმწიფრობაზე. ეს იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას განვითარების არანაირი სტრატეგიული ხედვა არ აქვს და კონკრეტული მენეჯერების ხუშტურების მიხედვით ხდება ცვლილებები. თავის დროზე ერთი მენეჯმენტი იყო გარკვეული კონცეფციით, ახლა ახალი მენეჯმენტი მოვიდა ახალი არგუმენტებით და ყველაფერი ისევ გადააყირავეს.
საკრებულოს დეპუტატებიც რომ არ აპროტესტებენ ამას, ესეც არაა საკვირველი. მათ არც პრინციპები აქვთ და არც ხედვა. რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. დაავალებენ, ყველამ დაიყვიროს თეთრზე შავია, დაიყვირებენ, რომ შავია.
ხელისუფლება აპელირებს, რომ ამით მილიონებს დაზოგავენ. არ არსებობს დიდი და პატარა ხარჯები, არსებობს ოპტიმალური ხარჯები და ეფექტურობა. ადგილობრივი თვითმმართველობის დასუსტებით შეიძლება ეფექტურობა საერთოდ დაეცეს და ხარჯები კი არ შემცირდეს, პირიქით - გაიზარდოს. ამის ანალიზი ვინმემ გააკეთა? ხელფასებს არ გადავიხდით და ამით ხარჯების ეკონომიას გავწევთ, ეს განცხადება აბსურდულია.
თვითმმართველობის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ მხრივ უკუსვლა რომ იწყება, ეს შემაშფოთებელია.
"მ.კ": "ოცნება" კონსტიტუციაში კიდევ ერთი ახალი ცვლილების შეტანას გეგმავს. მამუკა მდინარაძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ ყველა სახალხო განხილვაზე საზოგადოების ჯგუფი 94-ე მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომ ხალხის სურვილია, ხელისუფლებამ რეფერენდუმის გარეშე, როცა მოუნდება, გაზარდოს გადასახადები. რა მესიჯია ეს?
გ.ხ: მდინარაძისნაირი ადამიანების გამონათქვამებზე კომენტარი არ მინდა. მის კომპეტენციას რაიმე ტიპის სერიოზულობას არ ვანიჭებ. გადასახადების გაზრდას ვინ ხალხი ითხოვს, მაჩვენოს ერთი. ამ სისულელეზე კომენტარი როგორ გავაკეთო?! ხალხი ითხოვს დასაქმებას და ამას მიხედონ.
რაც შეეხება საკითხს, დღეს რეფერენდუმის გარეშე გადასახადს ვერ გაზრდი. ეს ჩანაწერი რომ არ იყოს კონსტიტუციაში, ამაში უბედურებას ვერ ვხედავ, მაგრამ რადგან ჩანაწერი უკვე არის, მისი ამოღება საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს. როდესაც შენ ინვესტორისთვის უკვე მიცემულ გარანტიებს აუარესებ, ეს შექმნის მოლოდინს, რომ ხვალ გადასახადების გაზრდას აპირებენ. ეს პოტენციური ინვესტორისთვის ცუდი სიმპტომია და შეიძლება პრობლემა შექმნას.
ვფიქრობ, ამ სიტუაციაში კონსენსუსი გადაწყვეტილებაში იქნებოდა არა ამ მუხლის ამოღება, არამედ მოდიფიცირება. მაგალითად, ჩაიწეროს, რომ გადამხდელის მდგომარეობის გაუარესება ანონსდებოდეს 3-5 წლით ადრე.
"მ.კ": ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვისას მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვისა და შრომის უფლების ჩაწერის მომთხოვნ ადამიანებს ირაკლი კობახიძემ რუსეთუმეები და კომუნისტები უწოდა.
გ.ხ: კობახიძეზეც არ მინდა კომენტარის გაკეთება, ეს ახალგაზრდა უკვე ძალიან სახიფათოა და თავად ხელისუფლებისთვისაა ძალიან დიდი პრობლემა. ადამიანურად მეცოდება კიდეც, მას ისეთი ტვირთი აჰკიდეს, რომლის ზიდვა ვერ შეძლო და ამას ავლენს ყოველდღე. მისი ქცევის მანერა ძალიან სახიფათოა, პირველ რიგში, მისივე ჯანმრთელობისთვის.
"მ.კ": ერთი კვირაა, ყველა ელოდება, რას იტყვის გამოძიება ყოფილი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის მიერ გენერალური აუდიტორის ცემაზე. გაქვთ მოლოდინი, რომ ფარცხალაძე დაისჯება?
გ.ხ: ამ საქმის მნიშვნელობა სცილდება კონკრეტულად ამ ინციდენტის ფარგლებს და თუნდაც ფარცხალაძის ფიგურას. ახლა გამოირკვევა, ჰიბრიდულ ხელისუფლებაში ვინ აწესებს თამაშის წესებს, ფული დომინირებს პოლიტიკაზე თუ - პირიქით. თუ გამოჩნდა, რომ ფული და ინტერესჯგუფები დომინირებენ ფორმალურ ხელისუფლებაზე, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უბრალოდ აღარ არსებობს.
მეჩვენება, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და სიტუაცია დაპაუზებულია.
რასაც ამ დღეებში სამართალდამცველი სისტემიდან ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ მცირე იმედი მაინც მაქვს, რომ ხელისუფლება მიხვდება, თუ მკაცრად არ იმოქმედა, ცოტა ხანში თვითონ შეექმნება დიდი პრობლემა. იმედი მაქვს, იმ სისულელეებს და სასაცილო ვერსიას არ დაგვმიტკიცებენ, რომ თორდიამ თავად გაილახა თავი, რომ ეკვეთა 5 კაცს, ისინი კი თავს იცავდნენ.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც ავტორიტეტი აქვს როგორც ფორმალურ ხელისუფლებაზე, ისე ინტერესჯგუფებზე, ეს ივანიშვილია. უნდა თუ არა, ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს და ამიტომაც ვთხოვდი, ამ საქმეში ჩაერიოს და ხელისუფლებას დაეხმაროს, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოს.
"მ.კ": სტრასბურგში მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის წინააღმდეგ შსს-მ ჯერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იარაღის უკანონო შენახვაზე სს გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ კი, რაც ეს ყველამ შეაფასა როგორც ერთგვარი შანტაჟი მოსამართლის ოჯახზე, გამოძიება შეწყდა და ითქვა, რომ იარაღი იყო გამოუსადეგარი. აჩენს ეს საქმე შეკითხვებს?
გ.ხ: კარგია, რომ ინციდენტი ამოიწურა. კითხვები, რა თქმა უნდა, რჩება, მაგრამ რომც დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ რაღაც პოლიტიკური აქცია ჩაატარა, მან უკან დაიხია და ბოლომდე არ გაჰყვა, რადგან ვიღაც მიხვდა, რომ ამ იდიოტიზმის გაკეთება არ შეიძლებოდა, ეს უკვე შედეგია.