ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე, მოსამართლემ კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის მიზეზად მოსამართლემ, ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე დაასახელა.დაცვის მხარე დავით დევნოზაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
„არსებობს მიმალვის საფრთხე, არსებობენ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ დავით დევნოზაშვილზე. სანამ ჩვენ ამ მოწმეებს არ დავკითხავთ, არის მათზე ზემოქმედების საფრთხე.დევნოზაშვილს კავშირები აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მისთვის მიმალვა მარტივი იქნება" , - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.
„ფოტოგრაფების საქმეზე" დავით დევნოზაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება. ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.
პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წლის 6 ივნისს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 მარტს „ფოტორეპორტიორების საქმეზე" ბრალდებული შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა.