რეგიონული გამოცემა „რეგინფოს" ინფორმაციით, 15 მაისს 37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილს სიღნაღის პოლიციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ნეკნები ჩაუმტვრიეს. მჭედლიშვილი „რეგინფოსთან" ამბობს, რომ ის სიღნაღის ქორწინების სახლთან ლუდის სმის გამო დააკავეს.
„პოლიციის შენობაში შეყვანისთანავე პოლიციელმა გიორგი ნოზაძემ ცემა დამიწყო. ორი პოლიციელი მაკავებდა, ნოზაძე მაგინებდა და მირტყამდა. როცა ნახეს, რომ წინააღმდეგობას არ ვუწევდი და არც ვაგინებდი, ხელი გამიშვეს. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა მუშტებით, ხელებით, ფეხებით, თავის არეში, ფერდებში. როცა დავეცი, რამდენჯერმე წიხლი ჩამარტყა მენჯის არეში. ამის მერე იქ მყოფ პოლიციელებს უთხრა, რომ შეედგინათ ჩემი დაკავების ოქმი" , - განაცხადა ვლადიმერ მჭედლიშვილმა.
გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ ვლადიმერ მჭედლიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და პოლიციელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 300 ლარით დააჯარიმა. გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო.
გამოცემის ინფორმაციით, 37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილი სიღნაღის პოლიციაში სრულიად ჯანმრთელი,სხეულის დაზიანებების გარეშე შეიყვანეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებისას კი სისხლნაჟღენთები ჰქონდა მარცხენა თვალბუდის და მენჯის არეში.
იზოლატორში ყოფნისას, ერთ ღამეში 2-ჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა.საავადმყოფოში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას მე-6, მე-7 და მე-8 ნეკნების მოტეხილობა აქვს.