რეზონანსი
22.05.2017

 (რეზონანსი) აუდიტის სამსახური თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგებს ასაჯაროებს. საქმე თბილისის მერიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილ კომპანია „ბი ეს-არ სი-დი-ჯი დეველოპმენტს" შორის,მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში მყოფი კომპანია თბილისის მერიისგან კომპენსაციის სახით ანაზღაურებას 2012 წლიდან ითხოვდა. კომპანიას „მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა. ამ გზის დაახლოებით 97 მეტრიან მონაკვეთზე ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალმა გზამ გაიარა და 2 302 კვ.მ მიწის დაახლოებით 74% დაიკავა.

„ „ბი-ეს-არ სი-დი-ჯი დეველოპმენტი" უშედეგოდ ითხოვს კომპენსაციას, რადგან მუნიციპალიტეტის მიერ კომპენსირებული ქონება 5-ჯერ აღემატებოდა ზარალის მიღების პერიოდში და ასევე, მიწის ნაკვეთში ახალი მესაკუთრის მიერ გადახდილ თანხას" , - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

აუდიტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ შპს „ბი-ეს-არ სი-დი-ჯი დეველოპმენტის" საკუთრებაში არსებულ 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მერიამ შპს-ს გადასცა ორი მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 6 708 კვ.მ. გასაცვლელი მიწის ნაკვეთები შეაფასა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის მიხედვით შპს-ს საკუთრებაში არსებული მიწის ღირებულება 2 615 100 ლარი იყო, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულება 2 980 200 ლარი. ფასთა შორის სხვაობა 365 500 ლარია.

დღეს შსს-მ ლაშა თორდიას და ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. მთავარმა პროკურატურამ კი აუდიტის მასალები გამოითხოვა.

12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ელ ცენტროში" აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა. თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×