მარი გოცირიძე
23.05.2017

 საქართველოს საბანკო სექტორში უმსხვილესი კორპორაცია აპირებს შემოსვლას. მილიარდიანი ჩინური ბანკის დამკვიდრებით კონკურენცია გაიზრდება და ბაზარი უფრო დივერსიფიცირებული გახდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ რამდენიმე დღის წინ ბაზრის ახალი მოთამაშის წარდგენისას განაცხადა, CEFC CHINA ENERGY-სა და EURASIAN INVEST-ის დაფუძნებული ბანკის განცხადებული კაპიტალი 1 მილიარდი დოლარია, განაღდებული კი - 300 მილიონი დოლარი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან ფრანგული საბანკო ჯგუფის ("სოსიეტე ჟენერალი") 75-მილიონიანი კაპიტალის გადინების შემდეგ, 10-ჯერ მეტი კაპიტალი მხოლოდ ჩინეთიდან შემოვა.

ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მილიარდიანი კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი ბაზარს მეტ კონკურენტუნარიანობას შემატებს.

საქართველოში მესამე მსხვილი ბანკის შემოსვლის შესაძლებლობას დადებითად აფასებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ბაზარზე ფეხის მოკიდების შესაძლებლობა დღეს ნაკლებია.

ევრობანკის რეგიონალური წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ ორ მსხვილ ბანკს ბაზარზე უკვე აქვს მსხვილი წილი დაკავებული, რაც ახალი ბანკის შემოსვლის განვითარების შესაძლებლობას ზღუდავს.

"დღეს ბაზარზე ორი მსხვილი და რამდენიმე მცირე ზომის ბანკია. ვფიქრობ, ბაზარზე არის ადგილი მესამე მსხვილი ბანკისთვისაც, თუმცა ვერ ვხედავ მცირე ბანკების კონსოლიდაციის შესაძლებლობას. ჩვენ მივესალმებოდით კიდევ ერთი მსხვილი ბანკის გამოჩენას, თუმცა მას გაუჭირდება ბაზარზე შემოსვლა, რადგან, ორ ბანკს უკვე აქვს საკმაოდ მსხვილი წილი მთლიან საბანკო სექტორში", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ქართველი ფინანსისტები იმედოვნებენ, რომ ჩინური ბანკის შემოსვლა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბაზრის განეიტრალების იმედი აქვს. როგორც მან "ჯიბისის" განუცხადა, ახალი გიგანტის შემოსვლა კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დაეჯახება 2 წამყვან ბანკს და ბაზარი გახდება დივერსიფიცირებული. პაპაშვილის შეფასებით, ამჯერად საბანკო ბაზარი 80/20-ის პროპორციული წყობით არის წარმოდგენილი.

პაპაშვილმა შედარება გააკეთა ბაზარზე ჩინური კაპიტალით მოქმედ ბანკთან, რომელმაც ვერ შეძლო ბაზრის 3 სუბიექტზე გადანაწილება. ბიზნესმენი ბაზრის გამსხვილების მომხრეა, რაც კარგი იქნება კონკურენციისა და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, თუმცა ეს მიზანი მიღწევადია რამდენიმე მსხვილი ბანკით და არა - დუოპოლიით.

"არ ვიცი მათი კონკრეტული ბიზნესგეგმა და სტრატეგია, თუმცა გადაწყვეტილება მისასალმებელია. მსხვილ ბიზნესს რაც გვაინტერესებს, საბანკო სექტორის დივერსიფიკაციაა. ახლა ორი უმსხვილესი ბანკის ხელშია მოქცეული დაახლოებით ბაზრის 80%, რაც, მე ვფიქრობ, ამ ქვეყნისთვის საშიშია, თუმცა არის მსოფლიოში ამის პრეცედენტები. ვისურვებდი, რომ იყოს მესამე მსხვილი სუბიექტი.

თუკი ჩინური ბანკი ასეთი გეგმებით შემოდის, ძალიან მისასალმებელია. კონკურენცია მომხმარებლისთვის ყოველთვის კარგია. მომხმარებელი მე, თქვენ და ბიზნესი ვართ", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

დიდი ფინანსური რესურსის მქონე ბანკის საქართველოში შემოსვლა ჯანსაღი კონკურენციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა საბანკო სექტორის მხრიდანაც. "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძე ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას მიესალმება.

"მხარს ვუჭერ ყველა ახალი ბანკის შემოსვლას, მით უმეტეს ისეთი ბანკისას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სათანადო ფინანსური და სხვა ტიპის რესურსები. ჩვენ გვგონია, რომ ჯანსაღი კონკურენციით იგებს ყველა, მათ შორის - ჩვენ და მომხმარებელი.

პოზიტიურად ვართ განწყობილი ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარეები, რომლებსაც განვავითარებთ და გამოვიყენებთ და ამით გავაგრძელებთ, რომ ვიყოთ განსხვავებული ქართულ ბაზარზე", - განაცხადა გიორგი შაგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×