ინვესტიციების ზრდა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ოდნავადაც არ მოქმედებს. ზედიზედ რამდენიმე წელია, ინვესტიციები ქვეყანაში 1,5-1,7 მილიარდის ფარგლებშია, თუმცა იმის გამო, რომ მთელი ეს თანხა ადამიანების მცირე ჯგუფის ხელშია, ქვეყანა და მოსახლეობა სარგებელს ვერ იღებს. ამის მიზეზად სპეციალისტები შემოსავლების განაწილების არსებულ გეგმას მიიჩნევენ. ხალხი კვლავ გაჭირვებაში ცხოვრობს და ფინანსური რესურსიც წარმოების განვითარებისკენ ნაკლებად არის მიმართული.
"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1,645 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს. 2014 წელს ამ მხრივ კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. პირდაპირი ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი აღნიშნულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარს შეადგენდა.
მუდმივად მიმდანარეობს საუბარი, რომ ეკონომიკური წინსვლისთვის 2 მლრდ დოლარის ინვესტიციებია საიჭრო. ბოლო წლებში კაპიტალდაბანდებების მოცულობა ამ ნიშნულს მიუახლოვდა კიდეც, მაგრამ პროგრესის ნაცვლად ეკონომიკა კრიზისს განიცდის. ამას ადასტურებენ სპეციალისტებიც. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის განმარტებით, ეკონომიკის რამდენიმე სექტორში გამოცოცხლება შეიმჩნევა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ეს ქვეყანას ეგრძნო.
"სტატისტიკურად ინვესტიციების მატება შეიმჩნევა, თუმცა ამით მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან ქვეყანაში შემოსავლების არაპროპორციული გადანაწილება მიმდინარეობს. კაპიტალის დაბანდებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ გამოუწვევია. როგორც წესი, შემოსავლების გადანაწილება ჯინის კოეფიციენტით იანგარიშება. ამ მეთოდით, შემოსავლების განაწილების მაჩვენებელი კარგია, თუ ის დაახლოებით 0,25-ის ფარგლებშია. ჩვენთან ეს ნიშნული 0,40-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლები მოსახლეობის ფართო მასებზე არ ნაწილდება ისე, როგორც სხვა ქვეყნებში.
ინვესტიციები ხვდება მცირე ჯგუფის ხელში და ამით ხალხი სარგებელს ვერ იღებს. საზოგადოების უმნიშვნელო ნაწილს ძალიან დიდი შემოსავალი აქვს და უმრავლესობას - ძალიან დაბალი ან საერთოდ არ აქვს შემოსავალი", - აცხადებს სილაგაძე და დასძენს, ინვესტიციების ზრდის მიუხედავად, მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბალ ხელფასსა და პენსიებზე დამოკიდებული რჩება.
"როცა კაპიტალი ჩაიდება და ობიექტი არ ამოქმედდება, ცხადია, ვერც ეროვნული დოვლათი შეიქმნება. უნდა ვცადოთ, ჩვენ მიერვე გამომუშავებული თანხების წარმოებაში რეალიზება მოვახდინოთ, მაგრამ თუ ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, არც სამუშაო ადგილები გვექნება და არც შემოსავალი. როცა საკუთარი გამომუშავებული თანხით იმპორტულ პროდუქტს ვყიდულობთ, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილებს ვქმნით უცხოეთში და არა საქართველოში.
ამიტომ ვამბობ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა შესაცვლელია. ეროვნული წარმოების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის სხვისი ხელის შემყურე ვიქნებით", - აცხადებს აკადემიკოსი.
რაც შეეხება კონკრეტულ დარგებს, სადაც ინვესტირება ხორციელდება, სილაგაძის ინფორმაციით, ერთ-ერთია ენერგეტიკის სფერო, სადაც გარკვეულწილად, პროექტების მომზადება მიმდინარეობდა და სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება.
"კავშირგაბმულობის სფერო ვითარდება, რაც დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. სამშენებლო სექტორში წინსვლა გვაქვს იქიდან გამომდიანრე, რომ წინა 2015 წელს, ფაქტობრივად, არაფერი ხდებოდა. თუკი ამ სფეროში ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, ეს მხოლოდ შედარებითია და ვითარებას არსებითად ვერ ცვლის. ტრანსპორტის სფეროში ინვესტიციების ზრდა შესამჩნევია უფრო იმის გამო, რომ დასრულების სტადიაშია სარკინიგზო ხაზებთან დაკავშირებული სამუშაოები თურქეთის მიმართულებით. სერიოზული სხვაობა ინვესტიციებში წინა წელთან შედარებით არ გვაქვს, თუმცა რაღაც კეთდება, რასაც ქვეყანა ვერ გრძნობს", - დასძენს ავთო სილაგაძე.
შემოსავლების გადანაწილების მხრივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. მისი თქმით, შემოსული ინვესტიციები მსხვილი ბიზნესის ინტერესებს ხმარდება და ქვეყნის ეკონომიკური გაუმჯობესებისკენ არ არის მიმართული, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.
"ფაქტია, რომ ინვესტიციები ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის. გვახსოვს ყოფილ პრემიერ ნიკა გილაურის ცნობილი ფრაზა, ყოველი 50 000 ლარი შექმნის ერთ სამუშაო ადგილსო. ასე ფიქრობდა იგი, რაშიც სწორი არ იყო. 90-იან წლებში სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირდა ფაქტი, რომ დიდი კაპიტალი შევიდა, მაგრამ უმუშევრობა გაიზარდა. ჩატარებული კვლევებით კი დადგინდა, რომ ინვესტიციები წარმოების გაუმჯობესებას არ მოხმარდა.
საქართველოში ინვესტიციები მიდის ენერგეტიკასა და საფინანსო სექტორში. სოფლის მეურნეობაში, სადაც მოსახლეობის 50%-ია დასაქმებული, ინვესტიციების 1%-იც არ იდება ყოველწლიურად. შესაბამისად, ვერ ვიღებთ სარგებელს, რაც ინვესტიციებისგან შეიძლება მივიღოთ. მთელი ეს თანხა მსხვილი ბიზნესისკენ მიიმართება", - აცხადებს ჯანიაშვილი.
ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლების გადანაწილებაში დისბალანსი იზრდება - ინვესტიციებით სულ რამდენიმე ადამიანი სარგებლობს და ეს ფული ეროვნული დოვლათის შექმნას არ ხმარდება.
"ვერავინ ახსნის, თუ რა სარგებელი მიიღო ხალხმა იქიდან, რომ საბანკო სექტორში შემოსავლები 20%-ით გაიზრდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის ზრდას უკავშირდება და არანაირად არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეკონომიკური პოლიტიკა აშკარად შესაცვლელია, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს - არც დღევანდელი მთავრობა და არც მისი წინამორბედი. მსხვილი ბიზნესი კი უფრო მსხვილდება და წვრილი და საშუალო ბიზნესი ზარალდება", - აცხადებს ჯანიაშვილი.
ბოლო დროის საინვესტიციო მაჩვენებლებს, მიუხედავად ზრდისა, სპეციალისტების მოწონება არ გამოუწვევია. ისინი ფიქრობენ, რომაქცენტის სტატისტიკაზე გადატანა არ ღირს, რადგან რეალურად ბევრი პრობლემაა ქვეყნის ეკონომიკაში და არსებული სიტუაციაც, ფაქტობრივად, უცვლელია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე საექსპორტო პროდუქტის დეფიციტს მიიჩნევს.
"რეალურად ჩვენ ვტრიალებთ 1,5-მილიარდიანი ინვესტიციის გარშემო. ამიტომ ინვესტიციების მოცულობა 1,6 მლრდ იქნება თუ 1,7 მლრდ, არაფერს შეცვლის. ვერ ვაჯობეთ 2007 წლის მაჩვენებელს, როცა გვქონდა 2 მლრდ-იანი ინვესტიცია. ქვეყანას აქვს ახალი საექსპორტო პროდუქციის დეფიციტი და ეს არის ყველაზე მტკივნეული. ინვესტორებს დაცულობის შეგრძნება არ აქვთ. ვერც საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა ისეთი გარემო, რომ ინვესტორებმა კომფორტულად იგრძნონ თავი.
თუკი სატრანსპორტო სფერო ინვესტიციებში მოწინავე პოზიციას იკავებს, მხოლოდ ჩვენი გეოსტატიკური რეალობიდან გამომდინარე. საფინანსო სექტორში იყო დაინტერესება, მაგრამ ბოლო დროს ნახტომი არც აქ გვაქვს. მცირე ცვლილება ინვესტიციებში არაფერს მოიტანს, ეკონომიკის ზრდას ვერ გამოიწვევს", - აღნიშნა ღაღანიძემ.