ნინო ქეთელაური
23.05.2017

 ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილე დავით დევნოზაშვილთან ერთად შესაძლოა, კიდევ ერთი პირის ბრალეულობა დადგინდეს. როგორც ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს პიროვნება ამჟამად სავარაუდოდ, "დინამოს" დაცვის სამსახურში მუშაობს.

მისივე თქმით, იგი ფოტოგრაფებზე ზეწოლას დავით დევნოზაშვილთან ერთად ახორციელებდა, რომელიც გუშინ სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან საქმის პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე.

"არსებობს მიმალვის საფრთხე, არსებობენ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ დავით დევნოზაშვილზე. სანამ ჩვენ ამ მოწმეებს არ დავკითხავთ, არის მათზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად, პატიმრობა ერთადერთი მიზანშეწონილი გზაა. მას კავშირები აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მისთვის მიმალვა მარტივი იქნება," - განაცხადა პროკურმა.

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეზე დაკითხულია ყველა დაზარალებული. შესაბამისად, არგუმენტი, რომ ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენს ვინმეზე, არ არსებობს.

შეგახსნებთ, რომ ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.

პროკურატურის ინფორმაციით, დევნოზაშვილი და მუხაძე 2011 წელს დაკავებულ ფოტორეპორტიორებს არარსებულ ჯაშუშობის აღიარებას მუქარის, ზეწოლისა და შანტაჟის გზით სთხოვდნენ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალკე წარმოებად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.

უწყების ინფორმაციითვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის დროს მომიტინგეების დარბევასა და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც, მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრესსააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახებოდა იმდროინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.

პროკურატურის ცნობით, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე.

ხელახალი გამოძიების შედეგად, 2016 წელს პროკურატურამ საქმე გახნილად გამოაცხადა და ამჟამად სასამართლო განხილვები მიმდნარეობს.

გიორგი აბდალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დავით დევნოზაშვილის პატიმრობაში დატოვების მოტივი სასამართლოს ნამდვილად ჰქონდა.

"დევნოზაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 24 საათის განმავლობაში გლდანის მერვე საპყრობილეში ყოფნის პერიოდში, ფსიქოლოგიურ და ზოგიერთ შემთხევვაში, ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, დღეს უკვე დაზარალებულად ცნობილ ფოტოგრაფებზე, რომლებიც თავის დროზე, ჯაშუშობის ბრალდებით დაგვაკავეს. დევნოზაშვილი იყო ის, ვისი კარნახითაც ჩვენ დაგვაწერინეს აღირებითი ჩვენება და გვაღირებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეს გრიფი ახსნილი აქვს და მისი მსვლელობის პერიოდში შევიტყობთ, თუ რა მტკიცებულებები არსებობს. არც დაზარალებულები ვართ ინფორმირებული, რადგან ჩვენი აღირებითი ჩვენებების გარდა საქმეში რა დევს, დღემდე არ ვიცით," - ამბობს გიორგი აბდალაძე.

კითხვაზე, არსებობენ თუ არა საქმეში კიდევ სხვა პირები, ვინც ფოტროგრაფებზე ზეწოლას ახდენდნენ? - გიორგი აბლაძე ამბობს, რომ მან უწყებას კიდევ ერთი ადამიანის შესახებ მიაწოდა ინფორამცია, რომელიც ამჟამად, სავარაუდოდ, "დინამოს" დაცვის სამსახურში მუშაობს.

"ეს პიროვნება 24 საათის განმავლოაბში დევნოზაშვილთან ერთად იმყოფებიდა. მაგრამ მისი სახელი და გვარი არ ვიცი, ვიცნობ ვიზუალურად და რამდენჯერმე შემხვდა სტადიონზე, გადაღების დროს. როდესაც გავიკითხე, თუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მითხრეს, რომ დაცვის სამსახურის უფროსია, მაგრამ რამდენად უტყუარი ინფორმაციაა და ამ თანამდებობაზეა თუ არა, დაზუსტებით არ ვიცი. სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის უფროსია.

"პროკურატურა საქმის კურსშია. სავარაუდოდ, რაღაც პერიოდის მერე, როდესაც პროკურატურა ჩათვლის საჭირიოდ, ამ პიროვნებასაც დაიბარებენ", - ამბობს გიორგი აბდალაძე და აღნიშნავს, რომ ახლა მთავარია, დამკვეთების ბრალეულობა დამტკიცდეს.

"ჩვენ მოლოდინი გავქვს, რომ გაგვამართლებენ. იმ უკანონო დავალებას დევნიოზაშვლი შეასრულებდა თუ სხვა ვინმე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დამკვეთები დაისაჯონ და ჩვენი რეაბილიტირება მოხდეს. დევნოზაშვილი იმ ყველაფერს საკუთარი ინიციატივით არ აკეთებდა. ის ასრულებდა იმ ბრძანებას, რაც მიღებული ჰქონდა. იმედი მაქვს, დევნოზაშვილი, ადრე თუ გვიან, დაასახელებს დამკვეთებს და ისინიც აუცილებლად დაისჯებიან," - მბობს გიორგი აბდალაძე, რომელიც დამკვეთებად სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ბოკერიასა და უტიაშვილს ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×