გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბერლინში იმსჯელეს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარე კონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიის მდივანსა და ექსპერტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ექსპერტები პოზიტიურ დასკვნებს გამოიტანენ როგორც საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად მთლიანად დოკუმენტაციის მიმართებაში.
მოიწონებს თუ არა კონსტიტუციის პროექტს ვენეციის კომისია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): რაღაცას მოიწონებს, რაღაცას - არა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ვენეციის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. სავალდებულო არ არის. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონი მის ინტერესებზე იყოს მორგებული და არა - ვენეციის კომისიის. ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ კანონს თუ გაიზიარებს, კარგია.
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): ვენეციის კომისია მაინც სარეკომენდაციო ორგანოა. ყველა ხელისუფლებას მათი რეკომენდაციის მრავალმხრივი ინტერპრეტაცია და გამოცდილება გააჩნია. დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მათი დასკვნები სამომავლოდ საზოგადოებისთვის დამახინჯებული, გარდაქმნილი ან შეცვლილი სახით წარმოდგენილი იქნება. მოქმედი ხელისუფლება მათ დასკვნებს არ გაითვალისწინებს. ყველანაირად შეეცდებიან ვენეციის კომისიის აზრების დამახინჯებულად გადმოცემას. ასევე, საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას შეეცდებიან.
რეზო მიშველაძე (მწერალი): წინასწარ ძნელია თქმა, კონსტიტუციის პროექტს მოიწონებენ თუ არა ჩვენი "პატრონები" ვენეციის კომისიიდან. ქვეყანა, რომელიც ნამდვილი სახელმწიფოა, არ ვიცი, იქ არსებობს თუ არა აუცილებლობა იმისა, რომ ყოველი ცვლილება საკანონმდებლო იქნება თუ საკონსტიტუციო, მიარბენინონ ვენეციის კომისიასთან. მაგრამ, ჩვენ ხომ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ესე იგი, ევროპას მივაჩნივართ, რომ ჯერ კიდევ დაბალი დონის აღსაზღდელი ქვეყანა ვართ, რომ ბავშვებს სახელმწიფოებრიობანასთან თამაშში რაიმე არ შეგვეშალოს. ამიტომ, ვენეციის კომისიამ, თავისი ავტორიტარული თვალთვალით, უნდა გაგვაკონტროლოს. ჯერ ერთი, საქართველოზე ვენეციის კომისიას არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენ მათ რჩევებს ან გავითვალისწინებთ, ან - არა. ვენეციის კომისის ყოველი რჩევის მაინცდამაინც შესასრულებლად გამოცხადება მიგვაჩვია იმ 9-წლიანმა "ნაცების" მმართველობამ, რომელიც ისეთ გაუნათლებელ ეროვნულ ბრბოდ გვთვლიდა, რომელსაც თავისი ისტორიის გზაზე ორ ბატს ვერ მიანდობ. სინამდვილეში, ასე არ არის. მხედველობაში ერთი რამ არის მისაღები - ვენეციის კომისიამ შეიძლება, არ მოიწონოს მთელი საქართველოს სურვილი, უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვა, რადგან ვენეციის კომისიას ტვინი სხვაგვარად აქვს მოწყობილი. საქართველოს მცირემიწიანობა, ჭირვეული და მტკივნეული ისტორია, უმიწოდ დარჩენასა და გადაგვარებას უქადის. მიწების გაყიდვის შემთხვევაში ჩვენი ეროვნული სატკივარი და მენტალიტეტი ვენეციის კომისიის ბრძნულ ჩვევებზე მაღლა უნდა დავაყენოთ.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ვერ გეტყვით, მოიწონებს თუ არა. აშკარა ხარვეზებია, რომლებიც ქართულ საზოგადოებას არ მოსწონს. ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს ვენეციის კომისიის აზრი. მთავარია ქართველი ხალხის აზრი. ვენეციას მეათე პლანზე ვაყენებ. ვერ დავინახე, რომ ალტერნატიულ გზას პატივს სცემენ. ჩვენ კარგი რეჟისორები გვყავს და უკეთესად დადგამდნენ ამ სპექტაკლებს.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ვენეციის კომისია რას იზამს, არ ვიცი. უფრო მაინტერესებს, ჩვენს ხალხს რა მოსწონს. რამდენადაც ვიცი, ყველაფერი არ მოსწონს და ანგარიშს რატომ არ უწევენ, ვერ გავიგე. არც ისეთი სულელი ხალხი ვართ, როგორც ამბობენ. მგონი, გვაქვს იმის განსჯის უნარი, რა გვინდა და რა - არა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე