გვანცა ღვედაშვილი
23.05.2017

 პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალების გასაჯაროებით არ აშანტაჟებს და საქმეში მსგავსი მასალა საერთოდ არ არის, აღნიშნულ განცხადებას ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ავრცელებს. თუმცა მანამდე, საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა სხდომაზე, პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას, თქვა, რომ მტკიცებულებები შეიცავდა დეკანოზის პირადი ცხოვრების, მათ შორის - ინტიმურ დეტალებს, რომლებიც გიორგი მამალაძეს, როგორც სასულიერო პირს, კატეგორიულად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ არის ინტიმური ვიდეომასალა და სასამართლო ბრალდებულს პირადი ინფორმაციით ემუქრება და აშანტაჟებს.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ემუქრება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით, ანუ პერსონალური ინფორმაციით - ეს არის შანტაჟი. მისი პირადი ცხოვრება არის მხოლოდ მისი ოჯახი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არც დევს," - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურორი ჯარჯი წიკლაურის თქმით კი, დაცვის მხარე ხელოვნურად ამახინჯებს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"არავითარი მსგავსი ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს საქმეში. ამას მოწმობს იმ საქმის მასალები, რომლებიც მოსამართლეს აქვს წარდგენილი. არ თქმულა მსგავსი რამ. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული ხასიათის პირადი ცხოვრების ინფორმაცია არსებობს საქმეში გიორგი მამალაძის, ასევე, მესამე პირთა პერსონალური მონაცემები. გიმეორებთ კატეგორიულად, რომ არავითარი ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს."

"საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ გიორგი მამალაძის მობილურიდან ამოღებული ინფორმაცია, გიორგი მამალაძის პერსონალური კომპიუტერიდან მოპოვებული ინფორმაცია შეიცავს ბრალდებულის პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს, ხშირ შემთხვევაში - ინტიმურს, რომელიც გიორგი მამალაძეს, როგორც სასულიერო პირს, კატეგორიულად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს," - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ბრალდებული დეკანოზი და მისი ადვოკატები ყოველ მორიგ სხდომაზე ახალ-ახალ ინფორმაციას იგონებენ და ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ "სრულიად კანონიერი მტკიცებულებები."

"ადვოკატის მხრიდან ხელოვნურად დამახინჯება, რომ ჩვენ მსგავსი რაღაც ვიდეოთი ვიღაცას ვაშანტაჟებთ, არის მათი სტრატეგია, რომ რაღაც გავლენა მოახდინონ დარბაზზე, ალბათ, ჟურნალისტებზეც და თქვენ არასწორად გააშუქეთ სამწუხაროდ, თუმცა გიმეორებთ, მსგავსი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, არც არსებობდა და ეს არის ადვოკატებისგან განზრახ დამახინჯება," - განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმება ან/და განრიდება ბრალდებულისთვის არ შეუთავაზებიათ, ვინაიდან მკვლელობის მომზადების ბრალდებაზე განრიდების გამოყენება კანონითაა აკრძალული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×