პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ქართულ ოცნებაში", უახლოეს მომავალში, მაჟორიტარების აჯანყებას პროგნოზირებს. მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხის შეცვლა მაჟორიტარების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან, მისი თქმით, აქამდე თავს მხოლოდ ბონუსებით იმშვიდებდნენ. ამბობს, რომ სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რა ნიშნით ხდებოდა თავის დროზე მაჟორიტარების შერჩევა.
თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებასა და ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინზე "რეზონანსი" სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: სიმართლე გითხრათ, შსს-ს განცხადება მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ წინაპირობები მიუთითებდა სწორედ ასეთ ქმედებაზე. არ მეგონა, თუ ჩვენი სამინისტრო, რომელსაც ყველა ვაფასებთ, როგორც ღირსეულ დამცველს ჩვენი სიმშვიდისას, ერთ-ერთი ადვოკატის მსგავსად შეეცდებოდა ჩვენ დარწმუნებას, რომ თურმე გენერალურმა აუდიტორმა თავის თავს მიაყენა ის ტრავმა, რომელიც აღიწერა, როგორც ტვინის შერყევა. თურმე ის ყოფილა თავდამსხმელი, რომელიც თავსაც იკლავდა, თუმცა გადარჩა. ალბათ, მალე ეს ვერსიაც იქნება გზავნილი მაღალი თანამდებობის რომელიმე სუბიექტისგან, რომ არც ერთი თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს ყოფილ მთავარ პროკურორს თავიდან.
რამდენადაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი საცოდავი განცხადება ნაკლებად მისაღებია, გამოსავალი სხვაგან უნდა ვეძიოთ. ეს იქნება დიდი გამოცდა ჩვენი ახალბედა პარლამენტის სპიკერისთვის - ისიც გაიტრუნება და დაივიწყებს თავის სურვილს, რომ ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ის თუ მართლა დამოუკიდებელი პირია, შექმნის ასეთ კომისიას. წინასწარვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შედეგს არ მიამსგავსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ვერსიას.
"რეზონანსი": რას ფიქრობთ, როგორ ჩააბარებს ამ გამოცდას პარლამენტის თავმჯდომარე?
ს.ც: ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რა ნაბიჯს გადადგამს პარლამენტის თავმჯდომარე, არის ის დამოუკიდებელი პირი თუ არის ერთ-ერთი პრივატიზირებულთაგან "ქართული ოცნების" მეპატრონის მიერ. "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური სუბიექტი თუ ჩვეულებრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება.
შპს-ს მართვა კარგად გამოსდის ჩვენს კადრებუხუცესსა და "ქართული ოცნების" მამა-მარჩენალს. აი, როგორი იქნება ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს ან არ გადადგამს ჩვენი პარლამენტის სპიკერი, მიგვანიშნებს იმაზე, "ქართული ოცნება" პარტიაა თუ შპს.
"რ": სტრასბურგის ერთ-ერთი ქართველი მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის წინააღმდეგ შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 3 დღის წინ, იარაღის უკანონო შენახვაზე სს-ის გამოძიება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამას გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა, გამოძიება შეწყდა. გიჩენთ თუ არა ეს ყველაფერი ეჭვის საფუძველს?
ს.ც: კითხვები, რასაკვირველია, უამრავი იყო და ჩემი აზრით, იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დროულად მოვიდა გონს რომელიმე თანამდებობის პირი და შეწყდა გამოძიება. რადგან ბევრად უფრო მეტი შფოთვის შესაძლებლობა ჩნდებოდა ამ თემასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რა ინფორმაცია გავრცელდა პარიზიდან.
თავისთავად კითხვები იბადებოდა, ყოველგვარი წინასწარი აზრის გარეშე. ჩხრეკისას, რომელსაც არ ჰქონდა საფუძველი, უფლება მიღებული სასამართლოსგან არ დაუშვეს მოწმეები. ნუ ვეცდებით და ამას შეცდომას ნუ დავარქმევთ.
დანაშაულებრივი ქმედება იყო იმ გამომძიებლებისა და მათთვის ბრძანების მიმცემი პირის მხრიდან. მაგრამ მისაბაძი უნდა იყოს მომავალში ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებსაც ძალუძთ, დროულად შეაჩერონ ახალი შფოთვის აგორება.
"რ": რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, თქვენი აზრით, იქნება თუ არა კრიტიკული?
ს.ც: მე წინასწარ თანავუგრძნობ ვენეციიის კომისიას, რა დღეში ჩაცვივდებიან, როცა განსხვავებული აზრის მქონე პარლამენტარები იქ დაიწყებენ ერთმანეთში კამათს. ალბათ განსხავებული იქნება აზრები, თუმცა, დიდი ალბათობით, ე.წ. ბონუსის, მხოლოდ გამაჯრვებული პარტიისთვის გადაცემა იქნება დაწუნებული. ამასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები უკვე გავრცელდა, როდესაც ჩვენი პარლამენტის სპიკერატის წევრები დაბრუნდნენ მივლინებიდან, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი.
დიდი ალბათობით, ეს გამოიწვევს აჯანყებას მაჟორიტარებისას, რომლებიც საკუთარ სიმშვიდეს ხსინდნენ იმით - მერე რა, რომ მაჟორიტარობის ინსტიტუტი გაუქმდება, ჩვენ მაინც ვიქნებით სიებშიო. დარჩენილი თავისუფალი სავარძლები მათზე გადანაწილდებოდა.
ახლა, როდესაც ასეთი პერსპექტივა აღარ ექნებათ, ისინი რასაკვირველია, უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
"რ": და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს შიდაპარტიული დაპირისპირება?
ს.ც: ყველას ერთნაირი წონა არ ექნება. მაჟორიტარების ნაწილს ექნება იმედი, რომ სიაში მაინც მოხვდება. ნაწილი იქნება აღშფოთებული და ეს კარგა ხანს მთავარი თემა იქნება თავად ამ პოლიტიკური სიბიექტის ლიდერებისთვის. საჯარო სივრცეში ნაკლებად იქნება რაიმე განსაკუთრებული თემა, მაგრამ შედეგი იქნება საინტერესო. წინასწარ გვექნება შესაძლებლობა, შევაფასოთ ამა თუ იმ მაჟორიტარის პერსპექტივა.
ამასთანავე, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას შევძლებთ იმასთან დაკავშირებით, რა საფუძველი იყო უპირატესად მაჟორიტარების შერჩევისა. უკვე ვრცელდება ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აფინანსებენ მაჟორიტარი კანდიდატები "ქართული ოცნების" პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში და როგორ მყისიერად გაიმარჯვეს სხვადასხვა ტენდერში არჩევნების შემდეგ.