(რეზონანსი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავებულია ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თაღლითურად მიისაკუთრა.
დამნაშავეებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება - ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისის ზღვის მიმდებარედ, გლდანის რაიონში და ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ (5,9 ჰა) მიწის ნაკვეთები.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ - ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.
საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.