(რეზონანსი) დღეს დილით, რუსთავსა და სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
კლინიკა „რუსთავში" მშობლებმა 30 აპრილს დაბადებული ახალშობილი მიიყვანეს, რომელიც ექიმების თქმით, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ბავშვი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. ახალშობილების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
კლინიკის რეანიმატოლოგის ნინო ფილფანის განცხადებით, შემთხვევის შესახებ კლინიკამ საპატრულო პოლიციას აცნობა, გარდაცვალების მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.
შსს-ს განცხადებით, ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კლინიკა ,,რუსთავში" ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.