
(რეზონანსი) სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავა.
იგი პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავეს.
„სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. შემდეგ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები" - აცხადებენ უწყებაში.
კონსულტაციებისა და ტყუილი გამოკვლევების ჩატარების შედეგად შპს „ლანცეტის“ დირექტორი, ერთი პაციენტისგან მოტყუებით დაეუფლა ფულად თანხას 99 204 ლარის ოდენობით, მეორესგან კი 40000 აშშ დოლარს.
ორივე პაციენტი, ტყუილად სამედიცინო ჩარევების გამო 2016 წლის მარტში გარდაიცვალა.
შპს „ლანცეტის“ დირექტორის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართ.
სასამართლო კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა კი მისთვის პატიმრობას ითხოვს.