"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ, ბერლინში, კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ.
კონფერენციაზე საუბარი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზეც იყო. მამუკა მდინარაძის თქმით, ეს უფლება პრეზიდენტს სავსებით შესაძლებელია, აღარ ჰქონდეს.
"ერთ-ერთი საკითხი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს ეს არ ჰქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში მსგავსი პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში არ არსებობს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სწორია თუ არა პრეზიდენტისთვის ამ უფლების ჩამორთმევა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): სწორად მიმაჩნია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს არ სჭირდება. პრეზიდენტის ინსტიტუტში უამრავი თანხა იხარჯება. ეს თანხა ხალხს, მრეწველობას, სოფლის მეურეობას, ქართულ კულტურას და ა.შ. უნდა მოხმარდეს. მეორეც, გაურკევველია, პრეზიდენტის რა უფლებები აქვს და რა არა. თუ საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, პრეზიდენტი არაა საჭირო და ვიცი, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა. ამიტომ ეს ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს და ამით ის სამარცხვინო ამბები დასრულდება, რომლებიც ჩვენთან ხდება. ის ისტორია, როდესაც აშშ-ში პრეზიდენტი და პრემიერ-მინისრტი ცალ-ცელკე გაემგზავრნენ და ერთდროულად სხვადასხვა ხალხს ხვდებოდნენ, სამარცხვინოა. დიდი სირცხვილია, მათ შორის - დიპლომატიის მსოფლიო მასშტაბით. ეს სირცხვილი კიდევ რომ არ ვჭამოთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი მთლიანად უნდა გაუქმდეს და ბოლომდე საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდეთ.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პრეზიდენტს ყველანაირი უფლება ჩამოართვან და რაღაც თოჯინის როლში გამოიყვანონ. ეს ინსტიტუციის განადგურების მცდელობაა. ძალიან არ მომწონს, ამის გაკეთება არავითარ შემთხევევაში არ შეიძლება.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არ მომწონს ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველია, რომლებიც მოქალაქეობას იმსახურებენ. ამის გადაწყვეტილების უფლება, რა თქმა უნდა, გამოკლვევების საფუძლველზე ჰქონდა და აქვს პრეზიდენტს. ვფიქრობ, ეს უფლება პრეზიდენტს უნდა დაუტოვონ. ისევე, როგორ ძალიან ბევრი უფლება, რაც პრეზიდენტს ეკუთვნის.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): არა, არ უნდა ჩამოერთვას. რაც მახსოვს, ახლანდელ პრეზიდენტს თითქმის არავისთვის მიუნიჭებია მოქალაქეობა. რადგან იცის, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი. ამას ძალიან გულდასმით აკეთებს. საერთოდ წინააღმდეგი ვარ, პრეზიდენტს რაღაც უფლებები ჩამოართვან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე