მარგველაშვილს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლება ჩამოერთვას
ეკატერინე ბასილაია
24.05.2017

 პრეზიდენტს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლება ჩამოერთვას. ამ გეგმას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომლის განცხადებითაც, ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ფუნქცია შეიძლება, ჰქონდეს შეზღუდული და ასეთი, მდინარაძის აზრით, არის, მაგალითად, მოქალაქეობის მინიჭების უფლება.

ორი დღეა, "ქართული ოცნება" ბერლინში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კონფერენციას ატარებს და კეთდება განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან კრიტიკა არ მოუსმენიათ, არც საარჩევნო სისტემასა და არც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით. ამ განცხადებებით, "ოცნება" პრეზიდენტს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს ერთგვარ მესიჯს უგზავნის, რომ, მათი პრეტენზიის მიუხედავად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, მისი უფლებამოსილების შეზღუდვა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება სამართლიანია და ვენეციისგან შენიშვნების მოლოდინი არ აქვთ.

უფრო მეტიც, გუშინ მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ მათ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, ქვეყნის პირველ პირს ისედაც შეზღუდული უფლებამოსილება კიდევ უფრო შეუზღუდონ.

მისი თქმით, რაიმე სახის შენიშვნა პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით არ გამოთქმულა ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. იყო გარკვეული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით იყო მცირე დისკუსია.

"საბოლოო ჯამში, პრეზიდენტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ," - განაცხადა გუშინ მდინარაძემ.

მისი განცხადებით, დისკუსიაზე გამოთქმული შენიშვნა მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებას ეხებოდა.

"ერთ-ერთი საკითხი იყო ასეთი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ეს არ ჰქონდეს პრეზიდენტს, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში მსგავსი პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში არ არსებობს," - ამბობს მდინარაძე.

კოსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მდინარაძის განცხადებაში მხოლოდ ძალის დემონსტრირება ჩანს, დემონსტრირება იმისა, რომ "ჩვენ შეგვიძლია, კიდევ შევზღუდოთ პრეზიდენტი და ჩვენ ამას ვიზამთ".

"პრეზიდენტს ისედაც ბევრი უფლებამოსილება აქვს შეზღუდული და ფაქტობრივად, ის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. მას ამის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და მისი კიდევ უფრო შევიწროება და ნომინალურ ფუნქციამდე დაყვანა არც სწორია და არ მგონია, რომ პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყოს. შესაძლოა, ვენეციის კომისიას არ ჰქონდეს შენიშვნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთივე დამოკიდებულება ექნება ქართულ საზოგადოებას ამ თემისადმი.

"ეს ხელისუფლებისთვისაც არ არის მნიშვნელოვანი მოგება. პირიქით, ეს ცვლილება წამგებიანია პოლიტიკურად, არაფერს იძლევა სამართლებრივად, არაფერს იძლევა ბერკეტების გამოყენების კუთხით, არ ზრდის პრეზიდენტის გავლენას პროცესებზე და რატომ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი, უბრალოდ არ მესმის. თუ ეს მათი ძალის დემონსტრირებისთვისაა, რომ აი, ჩვენ კიდევ შეგვიძლია, შევზღუდოთ პრეზიდენტი და რასაც გვინდა, იმას ვიზამთ, კი ბატონო, ასე ახსნა შეიძლება, მაგრამ ეს არ მგონია, მომგებიანი იყოს," - ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, მდინარაძის ეს განცხადება უფრო ყურადღების გადატანის მცდელობაა, რადგან საარჩევნო კოდექსზე მთლად ისეთი მოწონება არ ყოფილა ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან, როგორადაც "ოცნების" წევრები წარმოგვიდგენენ.

"ამიტომ მგონია, რომ საარჩევნო კოდექსზე გამოთქმული შენიშვნების გადაფარვაა და არ მგონია, ამ უფლების ჩამორთმევაზეც წავიდნენ. იმიტომ, რომ ეს მომგებიანი არ არის. ამ განცხადებაში მხოლოდ ძალის დემონსტრირება ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია, კიდევ შევზღუდოთ პრეზიდენტი, დავსაჯოთ ის. მაგრამ ხომ არ ვიცით, მომავალში ვინ იქნება პრეზიდენტი? იქნებ "ქართული ოცნების" კანდიდატი იყოს. როდესაც რაღაც კეთდება, მას არგუმენტირება სჭირდება. მოქალაქეობის მინიჭება ჩამოართვან იმიტომ, რომ სხვაგანაც ასეა, ეს არგუმენტი უკვე არ ვარგა. კონსტიტუციის შეცვლა ისე, რომ სხვაგან ასეა, ასეთი კონსტიტუცია ჩვენთვის არასდროს არ ივარგებს და ესაა პრობლემა," - დასძენს ძაბირაძე.

საგულისხმოა ის, რომ "ოცნების" მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტის დღეს დარჩენილი უფლებამოსილებების უდიდეს ნაწილს იწირავს.

მაგალითად, პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება აღარ იქნება. პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება.

ასევე "ქართული ოცნების" პროექტით, პრეზიდენტი რჩება მთავარსარდლად, მაგრამ სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ.

ასევე, სამხედრო ძალების სტრუქტურას, პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას.

პლუს, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოდ გადაკეთდება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს ამოქმედდება. ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს კი სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობა მიიღებს.

პლუს, ვერც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს წარადგენს პრეზიდენტი ერთპიროვნულად, მას ამისთვის პრემიერის თანხმობა უნდა ჰქონდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×