ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნამდვილად თავად არის და 2016 წელს გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
თორდიას განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება. მისივე თქმით, ერთი წლის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბარს ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მაშინ არავინ დაშავებულა და კაფე-ბარში, სადაც ინციდენტი მოხდა, არავითარი ინვენტარი არ დაზიანებულა. აქვე აცხადებს, რომ იმ პერიოდში ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
ამის საპირისპიროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს, ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, გამოძიება მაშინვე დაიწყო.
გაცნობებთ, რომ გუშინ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც კაფე-ბარშია გადაღებული, სადაც ასახულია ლაშა თორდიას ჩხუბი და ის, თუ როგორ ატრიალებს თორდია ცეცხლსასროლ იარაღს ხელში.
ვიდეომასალის გამოქვეყნებით, სადაც ბარში თორდიას ჩხუბია ასახული, სურთ თუ არა ფირცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეების ასეთი დაპირისპირება. თუმცა მეორე მომენტი ის არის, რომ ეს ორი დამოუკიდებელი შემთხვევაა. მაგრამ სამწუხარო იქნება, თუკი დადასტურდება, რომ ეს ვიდეომასალა იდენტურია. გადაფარვაა თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სამწუხაროა, რომ საჯარო მოხელეები ასე იქცევიან.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ორივე მხარე სკანდალშია გახვეული და ახლა ბუნებრივია, ეძებენ მასალებს, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ეს სამარცხვინოა, რადგან, ერთი მხრივ, არის ყოფილი პროკურორი და, მეორე მხრივ, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი. როგორც ვიცი, თორდია არ უარყოფს, რომ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა. თანამდებობაზე მყოფ პირებს ბევრი რამ ეკრძალებათ, მათ უნდა ჰქონდეთ თმენის უნარი და სამწუხაროა, რომ ასე აღარ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოძიების დასადგენია, რა მოხდა და როგორ. აქ მიდის კამათი, თუ რომელს უფრო მეტი სიმართლე ექნება და ამაში გასაკვირი არაფერია.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ვუყურებ ამ ისტორიას, რომელიც უკვე ამდენი ხანია, გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ კატასტროფაა. საზოგადოება გადასულია ამ სულელური ინციდენტის გამოძიებაში. ვფიქრობ, ეს არ იმსახურებს ასეთ ყურადღებას არც პრესისა და არც საზოგადოების მხრიდან. მე არც ვინტერესდები, რა მოხდა, რადგან ეს არც არის მოსახლეობის ამოცანა. ამისთვის არსებობს პროკურატურა და სასამართლო, რათა მათ გაიგონ, რა მოხდა და როგორ მოხდა. სახელმწიფოს გაცილებით სერიოზული პრობლემები აწუხებს. ორი ადამიანის დაპირისპირება არ უნდა იყოს მთავარი პრობლემა ქვეყნისთვის, რომელიც დაქცევის პირას არის.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ეს გამოუქვეყნეს იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, ფარცხალაძე არ იყო დამნაშავე და პირველად მეორე მხარემ დაარტყა. ბუნებრივია, რომ ეს ვიდეომასალა ფარცხალაძის სასარგებლოდ გამოაქვეყნეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე