ნინო ქეთელაური
25.05.2017

 თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში ფეთჰულაჰ გიულენის სახელთან ასოცირებული დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააპატიმრეს, - ამის შესახებ "რეზონანსს" დაკავებულის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება გუშინ დილის 10 საათზე მოხდა და ბრალდება საკმაოდ ბუნდოვანია.

"მუსტაფა ემრე ჩაბუქი დილის 10 საათზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა და ეს მოხდა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, ექსტრადიციის მიზნით. ერთ-ერთმა ჩვენმა ადვოკატმა გამომძიებელს გამოართვა საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც, თითქოს ბატონი ჩაბუქი ხელს უწყობდა ტერორისტულ გაერთიანებას. თვითონ ქმედება ძალიან უცნაურად არის აღწერილი. წერია, რომ ეს ადამიანი ხელს უწყობდა დემირელის სახელობის კოლეჯების ერთ-ერთ მეწილეს, რათა გაესხვისებინა თავისი წილი აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიაზე. მაგრამ, ამ ამიერიკული კომპანიის მიმართ არ არსებობს არანაირი ბრალდება. სავარაუდოდ, მისი დამფუძნებლის მიმართ პრეტენზიები თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ, მაგრამ რაში გამოიხატება მათი ბრალეულობა, ეს აღწერილი არ არის. სწორედ ამის საფუძველზე ხდება ექსტრადიციის მოთხოვნა," - ამბობს სოსო ბარათაშვილი და აღნიშნავს, რომ თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

"რა თქმა უნდა, ის ამბობს, რომ არის პოლიტიკური საფუძვლით დაკავებული და არავითარ ტერორისტულ ორგანიზაციას ის არასდროს დახმარებია. თვითონ ბრალდების შინაარსობრივი მხარე მიგვანიშნებს, რომ ეს არის თურქეთის ხელისუფლების სრულიად უსაფუძვლო პოზიცია," - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ადვოკატის თმით, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და საექსტრადიციო პატიმრობის განსაზღვრის საკითხი განიხილება."ჩვენი კანონმდებლობით ამას შეიძლება დასჭირდეს მაქსიმუმ 9 თვე, მაგრამ მანადმე, შესაძლებელია, იუსტიციის მინისტრმა მიიღოს ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილება. სახალხო დამცევლი, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქმის კურსში არიან. ისინი დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და ეს საკითხი აღმოჩნდება ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში," - ამბობს სოსო ბარათაშვილი.

კითხვაზე, რა მოხდება, თუკი საქართველოს ხელისუფლება დაკვებულის თურქეთში ექსტრადიციას განახორციელებს? - ადვოკატი აცხადებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.

"ჩვენ, ბუნებრივია, მივესალმებით თურქეთ-საქართველოს მეგობრობას, ასევე - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ სრულიად დაუშვებელია უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება და ექსტრადირება იქ, სადაც მას არაადამიანური მოპყრობა და წამება ემუქრება. ვფიქრობ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა, მის ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დიდი ზიანი მიადგება," - აცხადებს სოსო ბარათაშვილი და აღნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატები სტასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

აღნიშნულზე კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად "რეზონანსი" პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნული პიროვნების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.

აქვე შეგახსნებთ, რომ თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ოფიცალურ ანკარას ფეთჰულაჰ გიულენის სახელთან დაკავშირებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვა რომ სურს, ამას არც მალავს. თურქეთის ხელისუფლებაში ელიან, რომ გიულენის სახელთან დაკავშირებული თურქული სკოლები საქართველოში დაიხურება.

საქართველოს ტერიტორიაზე დღემდეშვიდი საგანმანათლებლო დაწესებულება არსებობდა, რომლებიც ზომიერი ისლამის მქადაგებელ და მოძრაობა ჰიზმეტისლიდერფეთჰულაჰ გიულენთან არის კავშირში.

ბათუმის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დახურვის გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 3 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო. სკოლას ავტორიზაცია გაუუქმეს და ამის მოტივად სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვის თვალსაზრისით არსებული "მნიშვნელოვანი პრობლემები" დაასახელეს. ამ გადაწყვეტილებას სკოლის მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილება მოჰყვა. ბათუმის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილიც კი მისწერა, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.

ანკარამ სკოლებთან დაკავშირებით წაუყენა თუ არა თბილისს რაიმე ოფიციალური მოთხოვნა, უცნობია, მაგრამ, ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემდეგ, საქართველოში ფეთულა გიულენის სახელთან ასოცირებული საგანმანათლებლო ქსელის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×