(რეზონანსი) თბილისში კონფერენცია „შრომის ინსპექციის მომავალი" გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა კონფერენციაში მონაწილეებს მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამუშაო მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა მძიმეა.
„სამწუხაროდ, გვაქვს ტრაგიკული სტატისტიკა ადამიანების, რომლებიც სამუშაო პირობების და სამუშაო გარემოს მოუწყობლობის ან მოწყობის წესთა დაუცველობიდან გამომდინარე დაიღუპნენ სამუშაო ადგილას" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დამსაქმებელს, რომელიც ჩართულია ბიზნესში, გარკვეული დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულება აქვს, რომ თავისი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზიანდეს არც მათი ღირსება, არც მათი ჯანმრთელობა და ბუნებრივია, არც მათი სიცოცხლე.
„შრომის ინსპექციის შექმნა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი. შრომის ინსპექციის შექმნის პროცესში, თავიდანვე პრინციპულ და მთავარ ღირებულებებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.