(რეზონანსი) ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების გამო, თოქშოუში „ბავშვების დრო", ბავშვის უფლებები დაირღვა. ამის შესახებ უფლებადამცველები საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", გადაცემის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში გააგზავნა. ორგანიზაცია მშობლის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამ საკითხზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავს. ამის შესახებ ვრცელ მასალას სააგენტო „ნეტგაზეთი" ავრცელებს.
გადაცემა „ბავშვების დრო" სოციალური ქსელების და „იუთუბის" საშუალებით ვრცელდება. 24 მაისის გადაცემა „ბავშვების ონანიზმს" ეხებოდა. გადაცემაში წინასწარ დააანონსეს, რომ მაყურებელს უჩვენებდნენ მშობლის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი, სავარაუდოდ, მასტურბირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა აბაშიძე ამბობს, რომ ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მშობლისა და ჟურნალისტის მიმართ იკვეთება.
„დედის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც, როგორც დედა ამბობს, ბავშვი ონანიზმით არის დაკავებული, ჩვენს გადაცემაში დედის თანხმობით მოხვდა.სულ მალე ჩვენს გადაცემაში ნახეთ დედა, რომელიც საკუთარი შვილის ისტორიას მოგიყვებათ" , - გადაცემის თემა ამ ტექსტით დააანონსა „ბავშვების დრო"-ს ოფიციალურმა სოციალურმა გვერდმა.
ანონსს კრიტიკული რეაქციები მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან. ისინი ბავშვის უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ. ამის მიუხედავად, გადაცემის ნაწყვეტები დადეს, სადაც მშობლისა და ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ეს კადრები პირადი ცხოვრების ამსახველია და მისი გავრცელება გაუმართლებელია.
„რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი? ჟურნალისტი საკუთარ მასალაში სწორედ აქედან გამომდინარე უნდა აგებდეს მასალას. მე გულწრფელად მჯერა, რომ ბავშვის ინტერესი არ არის ამ ვიდეოს გავრცელება" , - ამბობს ნატა ძველიშვილი.
გადაცემას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დაუშვებელია ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, როდესაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას.