(რეზონანსი) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს. გადადგომის მიზეზად ვალერი ცერცვაძე „აი პლიუსთან" დაკავშირებულ სასამართლო დავას ასახელებს და განმარტავს, რომ არ სურს პროცესის მიმდინარეობისას მისი თანამდებობიდან გამომდინარე გარკვეული კითხვები გაჩნდეს.
„არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა გაკეთებული კომპანია „აიპლიუსის" მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია „აიპლიუსმა" კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება" , - განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.
ვალერი ცერცვაძის განცხადებით, ის საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ გააგრძელებს.
„საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა" , - განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.
„აიპლიუსის" დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა სასამართლო დავის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა, რომ მისი კომპანია „აიტექნიკმა" გააკოტრა, რომლის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე დგას.
ვალერი ცერცვაძე და მისი ოჯახის წევრები კი ამტკიცებდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს „აიტექნიკთან" არაფერი აკავშირებდა. მათ შორის არც მის მეუღლეს, „აიტექნიკის" გენერალურ მენეჯერს.