ეკატერინე ბასილაია
26.05.2017

 დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება და ხელისუფლების წარმომადგენლების მთავარი მესიჯი გახდა ის, რომ დღემდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მხოლოდ 4 არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა, რომლებიც შემდგომში ნატოს წევრები გახდნენ და, ამდენად, ეს ნიშნავს, რომ ალიანსის წევრი გავხდებით ჩვენც. თუმცა რამდენად ახლო პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს ჩვენი გაწევრიანება, ამაზე პასუხები კვლავ ბუნდოვანია.

გარდა ამისა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამ სესიაზე იქნება "სპეციალური გზავნილი რუსეთისადმი", რომ საქართველოსთან მიმართებით ნატოს გაფართოება არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს ტარდება. ეს ასამბლეის პირველი სესიაა, რომელიც 2002 წლის შემდეგ ნატოს არაწევრ ქვეყანაში იმართება და საქართველო ნატოს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია.

საგაზაფხულო სესიაზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ჯამში, 600-ზე მეტ სტუმარს ელიან.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ნატოს დელეგაციის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციასაც მიიღებენ და ხელისუფლების მხრიდან ამ დოკუმენტსა თუ სესიაზე პოზიტიური განცხადებებიც ისმის.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ სესიაზე მიღებული დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის მტკიცე მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, "ეს არის ნამდვილად დიდი მოვლენა" და, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ნატოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის პოლიტიკური გამოხატულება.

ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სულ 4-ჯერ მომხდარა ასეთი რამ, როდესაც სესია ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა და ოთხივე ქვეყანა შემდგომში ალიანსის წევრი გახდა.

ევროინტეგრაციის მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, "ჩვენ არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტექნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა", რადგან ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით "სპეციალურ დოკუმენტს", სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების მხარდაჭერისადმი.

"იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატოსადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატოს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს.

 მისივე თქმით, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა ინსტრუმენტი აქვს და ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ მაპ-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატოში.

"მოდით, ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ მაპ-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატოში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაპ-ი ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისა, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატოში", - განაცხადა დოლიძემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე განცხადებით გამოვიდა ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და მაპ-ზე ან ნატოში გაწევრიანების სავარაუდო ვადებზე ვერც უილიამ ლაჰიუ საუბრობს. უილიამ ლაჰიუს თქმით, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში, არ იცის, რადგან ეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ.

"ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მისწრაფებას, შეუერთდეს ნატოს. როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით, ეს ნატოს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო გახდება ნატოს წევრი. მთავარია პროგრესი და დავარწმუნოთ ისინი, რომ დროა, საქართველო ალიანსში მიიწვიონ", - დასძინა უილიამ ლაჰიუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×