(რეზონანსი) თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიის რეპეტიცია მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ფიცს დადებს. ფიცის დადების ცერემონია 12 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდება.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი.გამოყვანილია სამხედრო ტექნიკა, დამონტაჟებულია ტრიბუნა, საიდანაც საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მიულოცავს. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება თელავში, გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ამბროლაურში.