(რეზონანსი) ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი თბილისში დაგეგმილ საგაზაფხულო სესიაზე საინფორმაციო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია სესიის დღის წესრიგსა და იმ თემებზე, რაზეც ასამბლეა ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს. მათ შორის არის რუსეთი, ტერორიზმი და უსაფრთხოების გამოწვევები.
„ამ რთულ პერიოდში, ევროატლანტიკური ალიანსისთვის არსებული დაძაბულობის ფონზე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ერთობისა და სოლიდარობის პრინციპებისა, რომელმაც შექმნა გლობალური სტაბილურობის გარანტიები უკვე 65 წელზე მეტია", - აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი.
სტატიაში საუბარია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია საქართველოში პირველად ტარდება და ასამბლეა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას პირებს.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა სესიის პერიოდში აპირებს ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის მონახულებას, რომელიც უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ" , - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა 26-29 მაისს თბილისში გაიმართება. საქართველო ნატოს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია. საგაზაფხულო სესიაზე 50-ზე მეტი ქვეყნიდან 700-მდე სტუმარს ელოდებიან.