(რეზონანსი) „ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე" - ასე წარადგინეს დღეს, 26 მაისს, გენერალ ა. აბაშიძის ქუჩაზე ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკევობით ლოცვას აპირებენ.
„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობის დაცვას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარემ.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა.
მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, ძირითადად არის საცხოვრებელი სახლები, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებს,რომ საკითხი მუსლიმი მრევლის, რეგიონისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება.
„საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს.ნუ დავასწრებთ მოვლენებს. ჩვენ ხალხთან და საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას" , - განაცხადა პატარაძემ.