(რეზონანსი) ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში კოპტი ქრისტიანების ავტობუსს,რომელიც ეკლესიისკენ მიდიოდა, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანი, 25 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი"ეგვიპტურ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაგიკული ინციდენტი დედაქალაქ კაიროდან 250 კილომეტრში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ელ-მინიას პროვინცია კაიროდან 220 კილომეტრში მდებარეობს.
კოპტებზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბზობის დღესასწაულზეც მოაწყვეს. აფეთქებები ქალაქ ტანტასა და ალექსანდრიის კოპტურ ეკლესიებში მოხდა. ტერაქტებს 44 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ქრისტიანულ ტაძრებზე მოწყობილი თავდასხმების შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კოპტები მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები არიან და ქვეყნის უმსხვილეს ეთნორელიგიურ და ქრისტიანულ ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ს შეადგენენ.როგორც რელიგიური უმცირესობა, კოპტები თანამედროვე ეგვიპტეში ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და ექსტრემისტი ისლამისტების შეტევის სამიზნე ხდებიან.