(გვანცა ღვედაშვილი) "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" 27 მაისს სპორტის სასახლეში პირველ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს, სადაც პოლიტსაბჭოს, პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აირჩევს. ყრილობაზე ასევე დასახელდება თბილისის მერობის კანდიდატიც.
არაოფიციალური ინფორმაციით, დედაქალაქის მერობის კანდიდატად პარტია ელენე ხოშტარიას წარდგენას აპირებს, რომელმაც საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად უკვე დაიწყო. დეპუტატი აქტიურად საუბრობს დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე, რაც მისი "ფეისბუქ" გვერდიდანაც კარგად ჩანს.
"გლდანის მეტროსთან დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავდით ხალხს. იქვე იდგა გაზეთების სტენდი და გაზეთებს ყიდდა ძალიან საყვარელი 2 ქალი. ხოდა ნებართვა კი ქონდა სტენდის, მაგრამ არ ადგემვინებდენ ქოლგას, გული გამისკდა, ნახევარ საათშიც კი შეიძლება მზის დარტყმა მიიღო და იქ მთელი დღე დგანან. თბილისის მერია - “თბილისი სითი ჰოლ” მიაქციეთ ყურადღება, მიეცით უფლება ქოლგები დაიდგას", – წერს, ელენე ხოშტარია "ფეისბუქის"საკუთარ გვერდზე.
ბოლო პერიოდში ხოშტარია აქტიურად ხვდება თბილისის მოსახლეობას. საუბრობს დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე და მოქმედ მერს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. ოპოზიციონერ დეპუტატსა და მოქმედ მერ დავით ნარმანიას შორის შელაპარაკებაც მოხდა. ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც ნარმანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებდა, მასთან ელენე ხოშტარია მივიდა და მოსახლეობის პრობლემებისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა.