(რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მიმართა. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას, როგორც სულიერი, ისე მატერიალური დახმარებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს უწევენ.
„რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ" , - აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, უცხოეთში მყოფ დიასპორას ქართული ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ქართული ენის, კულტურის, სიწმინდეების შენარჩუნება.
„თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა და კულტურა, ეკლესიები და მონასტრები. ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ" , - აღნიშნა ილია მეორემ.