
(რეზონანსი) 12 წლის გოგონა თვითმკვლელობის მიზნით მეხუთე სართულიდან გადმოხტა. იგი სხეულის მრავლობითი დაზიანებით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში მიიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით ოჯახი არ საუბრობს, ცნობილია, რომ მოზარდს თვითმკვლელობის მცდელობამდე ინტერნეტით უცნობები ეკონტაქტებოდნენ.
პოლიციამ მშობლები, თვითმხილველები და ექიმები უკვე გამოკითხა. სახიფათო თამაშების ფატალურ შედეგებზე ინფორმაცია აქვთ ფსიქოლოგებსაც. მათივე რეკომენდაციით, თამაშის სახელს, მომხდარის ადგილმდებარეობას და დაზარალებული ოჯახის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.
თამაშის პირველი შეთავაზება არის გსურთ თუ არა თამაში, - თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.
სახიფათო ინტერნეტ თამაშებზე წერს „BBC" - იც. სტატიის მიხედვით, სამართალდამცველები ლონდონელ მშობლებს შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებენ. ბრიტანულ გამოცემაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვნების სუიციდის ხშირი ფაქტები რუსეთში ფიქსირდება და თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი საშიში ინტერნეტთამაშია.