
(რეზონანსი) განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მომავალში ე.წ. საატესტატო გამოცდების ბარიერი აიწევს.
„მომავალში ვაპირებთ ბარიერის აწევას. ანუ გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30%, ჩვენთან - 80%, არ მგონია, რომ ეს ჩვენს სიყოჩაღეს ნიშნავდეს. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის. თქვენ რომ ნახოთ ამ გამოცდების ამოცანები, დარწმუნდებით, რომ ცოტა მაინც რომ ისწავლოს 12 წელიწადში კი არა და ერთ წელიწადშიც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა" , - განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა აქცენტი პროფესიული განათლებისკენ გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოცდებზე ბარიერის აწევის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ყველა „ატესტატიანი" უმაღლესში აბარებს, მინისტრის თქმით, ამით საქართველოში უმუშევრობის დონე იზრდება, რადგან ბევრი მათგანი აბარებს ვითომ უმაღლესში, შემდეგ ვითომ უმალღეს კვალიფიკაციას იღებენ და აქეთ მთავრობას ადანაშაულებენ, რომ უმუშევრები არიან.
„ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და მერე იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ ჩვენ. ახლა ისინი წავლენ პროფესიულ სასწავლებლებში, შეიძენენ პროფესიას და მერე თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩაბარებენ და სკოლის ბოლო გამოცდებსაც შეძლებენ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.