რეზონანსი
28.05.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას შემდეგნაირად უპასუხა: „საქართველო აღარ არის „პოსტ"-ქვეყანა, დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ" წინსართი".

ნიკონოვის თქმით, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა ამ ორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას კატეგორიულად არ ეთანხმება.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი და ამ მხრივ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ მსოფლიოში. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს ასოცირების დღის წესრიგს და მის სამოქმედო გეგმას. ასე რომ, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ნატოსკენ სწრაფვის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად ალოგიკურია" , - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 75 %-ზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას, ხოლო ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 80 %-ზე მეტი.

პრემიერმინისტრმა საპასუხო კითხვები დაუსვა რუს დეპუტატს: „რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა".

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017" სიტყვით გამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×