(რეზონანსი) ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ოკუპირებული რეგიონებიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის პროექტში, რომელსაც ასამბლეა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.
ალიანსი რუსეთს ასევე მოუწოდებს უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან;
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას:
ა) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეარაღებული ძალები;
ბ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი;
გ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან" , - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ნატო მიესალმება საქართველოს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის მოხსნისკენ.