"რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც უნდა შემომთავაზონ, არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მეცოსოპრანო წერს, რომ რუსეთიდან მორიგი შეთავაზება მიიღო, თუმცა არ აპირებს კრემლში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას. რაჭველიშვილის განცხადებით, მანამ არ დადგამს ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ადრინდელი ვიზიტებისთვის კი მეცოსოპრანო საქართველოსა და ყველა პატრიოტს ბოდიშს უხდის.
"მორიგი შემოთავაზება მოვიდა რუსეთიდან! კრემლში ფრანკო ძეფირელის გალას ატარებენ და მთხოვენ, ჩავიდე! მომავალ წელს, 1 მარტს!
"რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც უნდა შემომთავაზონ, არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე, სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ!
"ადრე ორჯერ ჩავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ კულტურასა და ხელოვნებას მაინც შეეძლო რაიმეს შეცვლა! ვცდებოდი და ბოდიშს ვიხდი ჩემი ქვეყნისა და ყველა პატრიოტის წინაშე! შეცდომას, საბედნიეროდ, მეორედ არ ვიმეორებ! მაპატიეთ, შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ არ მესმის იმათი, ვინც იქ დადის და პერფორმანსებს მართავს დღემდე!", - წერს ანიტა რაჭველიშვილი.
თუ როგორ აფასებენ საზოგადოების წარმომადგენლები რაჭველიშვილის ამ განცხადებას, "მთელი კვირის" მცირე გამოკითხვით შეიტყობთ.
გია ბურჯანაძე მსახიობი): "არასოდეს არ უნდა თქვა "არასოდეს!" ზოგადად კი, გააჩნია, რა სცენაა. თუ ეს საერთაშორისო მასშტაბის რაიმე ფესტივალია და არა სამთავრობო ღონისძიება, უნდა ჩახვიდე.
"საერთაშორისო ურთიერთობაზე არ უნდა შეიზღუდოს არც ხელოვანი, არც მეცნიერი და არც სპორტსმენი. აქ შენ წარმოადგენ შენს ქვეყანას და არ აქვს მნიშვნელობა, სად ტარდება. თუ ეს სამთავრობო ღონისძიებაა და პუტინს ან რუსულ ოკუპანტ ჯარს უნდა უმღერო ან უთამაშო, ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ჩემი აზრით, ეს დანაშაულია."
ბაია დვალიშვილი (მსახიობი): "მე ყველანაირად მომწონს ანიტა რაჭველიშვილი, მათ შორის მისი პოზიციაც. ათწლეულებმა გვაჩვენა, რომ არანაირი კულტურაც კი არ გვაახლოებს, სამწუხაროდ, რუსეთთან. თუმცა კულტურა ყველა საზღვარს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა ჯაბნიდეს და მაღლა იდგეს. მაგრამ რუსეთთან მიმართებით ეს არანაირად არ ჭრის და თავის მოტყუებაა.
"ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა და მეეჭვება, ახლო მომავალში გამოსწორდეს."
ზურაბ მანჯავიძე (მომღერალი) "ყველას თავისი პოზიცია აქვს, ვერაფერს ვიტყვი. რუსეთის სცენაზე ბევრი ქართველი მომღერალი გამოდის და მათი წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეზე ნაკლები პატრიოტები არიან."
გია მაჭარაშვილი (კომპოზიტორი): "70-80-იანი წლების ბოლომდე რუსეთის ტერიტორიაზე გასტროლებით ვმოგზაურობდი ჩემს მეგობრებთან ერთად. მაშინ ალბათ სხვა დრო იყო, თუმცა მოფერების და სიყვარულის მეტი არაფერი გვინახავს. ხელის გულზე გვატარებდნენ.
"ახლა პოლიტიკოსებმა დაძაბეს ურთიერთობა, თუმცა შემოქმედ ხალხს საერთოდ არ ანაღვლებს ის პოლიტიკა, რასაც რუსეთის მთავრობა ატარებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. მუსიკოსები ისევ ისეთი სუფთა არიან და ეს ურთიერთობა არ ანაღვლებთ.
"მე რომ ახლა ვინმე გავიცნო და დავუკავშირდე, პოლიტიკის ხსენება არ იქნება. იმათ უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებენ.
"რას აკეთებენ ბოლო 26-27 წლის განმავლობაში ჩვენი მომღერლები? მუსიკოსები ჩაკეტილები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. თავისუფალი საქართველო ხომ ჰქვია და სად არის თავისუფლება?! ვის აინტერესებს ჩვენი საესტრადო შემოქმედება - ინგლისელებს, ამერიკელებს თუ ფრანგებს?!
"შემოქმედი ადამიანისთვის საჭიროა გარეთ გასვლა, რათა თავისი შემოქმედება გააცნოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ამერიკელებს ჩვენ ახლა ვეღარაფრით გავაკვირვებთ, ერთადერთი შეიძლება ხალხური შემოქმედებით გააკვირვო და ეს ის შემოქმედებაა, რომლითაც ყოველთვის დაპყრობილები გვყავდნენ უცხო ქვეყნის მსმენელები.
"ეს ხალხი რუსეთში მიდის ორი კაპიკის გასაკეთებლად და ლუკმაპურის საშოვნელად. ასე თუ ვიმსჯელეთ, მაშინ თურქეთს რატომ ვეფერებით?! თურქებს დაპყრობილი აქვთ ნახევარი საქართველო ლამაზად და ყოველგვარი ბრძოლის გარეშე.
"რუსეთის ტერიტორიაზე სიარული და სიმღერა არ ნიშნავს ღალატს. ისინი ამით შოულობენ ფულს.
"შემოქმედი საზოგადოებისთვის არანაირი საზღვრები არ უნდა არსებობდეს. ხალხი და მასა არანაირად არ არის განწყობილი საომრად არავის მიმართ. ეს პოლიტიკოსები თამაშობენ ბინძურ თამაშს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე