აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება გალში მცხოვრებ ქართველებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" მიღებას აღარ სთხოვს და მათთვის ახალი "შეთავაზება" აქვს - რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს მორიგი სატყუარაა, რომლის უკანაც ოფიციალური მოსკოვი დგას.
24 მაისს, აფხაზეთში "პასპორტების" გაცემის ახალი სისტემის დანერგვის პროცესი დასრულდა, რომელიც გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობის "პასპორტიზაციის" მოწესრიგებას გულისხმობს.
გალის რაიონის მოსახლეობის "პასპორტიზაციის" პროცესი, სოხუმმა, 2008 წლის 26 აგვისტოს, მოსკოვის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ დაიწყო. ქართული მოსახლეობა იძულებული გახდა "სხვადასხვა ხერხით" აეღო "აფხაზური პასპორტები", რადგან ის აფხაზეთში ცხოვრებისთვის და თავისუფალი გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტი გახდა.2014 წელს, აფხაზური ოპოზიციის პროტესტის და "პრეზიდენტ" ალექსანდრე ანქვაბის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი გალის რაიონის ქართველებისთვის აფხაზური "პასპორტების" მასიური დარიგება გახდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს კანონდარღვევით ხდებოდა და საჭირო იყო გალელებისთვის "მოქალაქეობის" ჩამორთმევა.2015 წელს, ახლად არჩეულმა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ, გალის, ტყვარჩლისა და ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობის "პასპორტიზაციის" მოწესრიგების პროცესი დაიწყო და გალის რაიონის რამდენიმე ათას მოსახლეს რაიონული კომისიების მიერ მინიჭებული "აფხაზეთის მოქალაქეობა" გაუუქმა და კომისიების მიერ გაცემული დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელ ბლანკად გადაიქცა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ხელფასის და პენსიის აღება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა შესაძლებელი, რაც გალის რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას დისკრიმინაციულ გარემოში ამყოფებს.აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის "პარლამენტის" მიერ მიღებული "კანონით" "უცხოელთა აფხაზეთის რესპუბლიკაში სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", ბინადრობის უფლება ენიჭებათ იმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე 1991 წლის ჩათვლით დაიბადნენ და აფხაზეთში 1999 წლის 12 ოქტომბრიდან მუდმივად ცხოვრობენ, ხოლო მოქალაქეობის მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პირი სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობაზე, იტყვის უარს.
გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გალის ქართველობას "გამოსავალს" სთავაზობს. აფხაზურ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია გამოინახოს გამოსავალი, რომელიც გალელებს "აფხაზეთის მოქალაქეობის" მიღებას გაუმარტივებს.
"აფხაზური პასპორტების გაცემას ართულებს ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. იმისთვის, რომ მათ მიიღონ აფხაზური პასპორტი, აუცილებელია უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე, რასაც ქართული მხარე არ დაუშვებს და ამას ვერც გალელები გააკეთებენ, ვინაიდან, მათ ქართულ მხარეს ჰყავთ ახლობლები, ოჯახის წევრები. ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე.
"მე ვთავაზობ გალელებს გამოსავალს - მათ უარი უნდა განაცხადონ საქართველოს მოქალაქეობაზე რუსეთის მოქალაქეობის მიღების მოტივით. ასეთ შემთხვევაში ქართული მხარე ვერაფერს გახდება. რუსეთის მოქალაქეობის მიღების მერე, გალელები თავისუფლად მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას, ვინაიდან ყველა აფხაზს აქვს რუსეთის მოქალაქეობა", - განაცხადა თემურ ნადარაიამ
"რეზონანსთან" საუბრისას აფხაზეთის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს სპეციალისტი გულიადა ჭკადუა ნადარაიას ამ შეთავაზების უკან რუსეთის ინტერესებს ხედავს.
"ეს განცხადება არის რუსეთის სატყუარა, რაც პირდაპირ მიბმულია გალის რაიონში და საერთოდ, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. გალის მოსახლეობამ დღემდე შეძლო იდენტობის შენარჩუნება, გაუძლო ათასგვარ განსაცდელს, შეინარჩუნა ქართველობა, რაც აფხაზებს და უფრო რუსებს დიდ დისკომფორტს უქმნის, რუსეთს უნდა სრულად აკონტროლოს აფხაზეთი.
"დღეს აფხაზეთში მხოლოდ 21 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, ქართველი კი 46 ათასია. თუ რუსული მხარე აფხაზების დახმარებით შეძლებს ამ მოსახლეობის რუსიფიკაციას, მაშინ რუსეთს სრულად გაეხსნება ხელ-ფეხი, ნებისმიერი კონფლიქტის პროვოცირების შემთხვევაში, არგუმენტირებულად შევიდეს გალშიც და განაცხადოს, რომ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ქართული მხარის აგრესიისგან.
"ასევე რუსული მოქალაქეობა აფხაზეთში მცხოვრებს აძლევს სოჭის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილების და ვაჭრობის საშუალებას, ასევე, რუსული პენსიის აღების შესაძლებლობას, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე აფხაზური პენსია. თემურ ნადარაიას განცხადება არის ერთგვარი ტესტიც, წამოეგებიან თუ არა ამ სატყუარაზე გალელები.
"აქამდე ამას ჰქონდა ფრაგმენტული ხასიათი, ახლა უკვე მიზანმიმართულ ხასიათს იძენს, იმედი მაქვს, რომ გალის რაიონის მოსახლეობა არ წამოეგება ამ პროვოკაციას და უარს იტყვის ამ შემოთავაზებაზე, ჯობია ჰქონდეთ ბინადრობის უფლება და შეზღუდული უფლებები, ვიდრე დააკანონონ ანექსია და ხელი შეუწყონ რუსეთს მზაკვრული გეგმის განხორციელებაში", - განუცხადა "რეზონანსს" გულიადა ჭკადუამ.