"თავდაცვითი სისტემების განვითარებაზე უკვე მეოთხე მინისტრის სურვილებს ვისმენთ, საქმე კი წინ არ მიდის. მთელ მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთიდან წყნარ ოკეანემდე, ვითარება ძალიან დაძაბულია. ევროპაც კი დინამიტზე ზის და ჩვენ მშვიდად, აუჩქარებლად მივყვებით დინებას", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებას, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამინისტრო რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების მოდერნიზებას გეგმავდა.
მინისტრის განცხადებით, იგეგმება ანტისატანკო სისტემის ჩამოყალიბება, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის მოდერნიზება, არტილერიის ნატოს სტანდარტებით აღჭურვა და სადაზვერვო შესაძლებლობების გაზრდა. იზორიას თქმით, იგეგმება აღჭურვილობაზე დაფინანსების გაზრდაც და ის თავდაცვის ბიუჯეტიდან 6%-ის მაგივრად 3 წლის განმავლობაში 20%-მდე უნდა გაიზარდოს.
მისივე განცხადებით, განსაკუთრებული როლი ენიჭება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული და აქტიურობას 15 მიმართულებით ითვალისწინებს.
ამასთან, ნატო-ს პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების ათასობით მოსამსახურის გაწვრთნას ნატო-ს სტანდარტებით და ამ ბატალიონების აღჭურვას ნატო-ს ადეკვატური ტექნიკით.
სამიტზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორმა იტან კორბინმა განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებული პარტნიორობისა და ურთიერთობის სტატუსით არის დაჯილდოებული, თუმცა მას აქვს გამოწვევები და ერთ-ერთი უმთავრესი საბჭოთა მემკვიდრეობისგან დარჩენილი აღჭურვილობის ჩანაცვლებაა.
"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ განაგრძოს ინვესტირება ახალ აღჭურვილობაში, შეიარაღებული ძალების რეფორმირება, რათა ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ოპერაბელური იყოს ნატო-ს ძალებთან. საქართველო კარგ დახმარებას იღებს ამ კუთხით აშშ-ისგან. ვფიქრობ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ძალიან პოზიტიურია", - განაცხადა კორბინმა.
აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე "მთელ კვირასთან" დეტალურად განიხილავს მინისტრის მიერ დასახელებულ თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებას. ამასთან, აცხადებს, რომ კონკრეტულ პროგრამებს უკვე დიდი ხანია, ელოდება და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, საქართველო მშვიდად მიჰყვება დინებას.
"სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია, ველოდებით კონკრეტულ პროგრამებს, პროექტებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. რატომღაც ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია, გულგრილად უყუროს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს, უფრო გვეჩქარება.
"რაც შეეხება თავდაცვითი სისტემების განვითარებას, უკვე მეოთხე მინისტრის სურვილებს ვისმენთ, საქმე კი წინ არ მიდის. ვითარება ძალიან დაძაბულია მთელ მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთიდან წყნარ ოკეანემდე. ევროპაც კი დინამიტზე ზის. ჩვენ მშვიდად და აუჩქარებლად მივყვებით დინებას.
"ანტისატანკო (ტანკსაწინაღო) სისტემის განვითარება უმნიშვნელოვანესია მაშინ, როცა ვიცით, რომ ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგე აქტიურად გამოიყენებს ტანკებს და ჯავშანტექნიკას. ამ მიმართულების განვითარება ძირითადად ტანკსაწინაღო საშუალებების შეძენასთანაა დაკავშირებული. სპეციალისტთა გაწვრთნაც დიდი პრობლემა არაა.
"საჰაერო თავდაცვის სისტემაზე კი უკვე წლებია, ვისმენთ დაპირებებს. როგორც ვატყობ, შევყურებთ ე.წ. ფრანგულ კონტრაქტს, რომლის მეშვეობით საქართველოს ცის შეკვრას (წინა მინისტრის დაპირებაა) ვაპირებთ. თუ ის ინფორმაცია მართალია, რომელსაც ვფლობ, ამ კონტრაქტს მაგ პირობებით ხელს პირადად მე არ მოვაწერდი. გავიხსენოთ ეს სიტყვები წლების შემდეგ. თუმცა ჩვენთან პასუხი არავის უგია წინა კონტრაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც აგვისტოს ომამდე გაფორმდა.
"საინტერესოა, იმ ტექნიკას რას ვუპირებთ, რაც 2006-2008 წლებში შევიძინეთ. ომგამოვლილი სპეციალისტების უმეტესობაც ქუჩაშია. მოკლედ, წლებია, ძალიან უყაირათოდ და არაკვალიფიციურად ვუდგებით ასეთ რთულ და სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
"რა იქნება ამჟამად? ე.წ. ფრანგული კონტრაქტის გარდა, რომელიც არათუ საქართველოს, თბილისის ცასაც ვერ შეკრავს, ვერაფერს ვხედავ. კარგი იქნება, თუ უფრო ნათელ გეგმებს ვიხილავთ. ეს სამშობლო ჩვენიცაა და საიდუმლოების გაცემის გარეშე გვაინტერესებს, ვიცოდეთ, როგორ დაგვიცავენ და როდის ვიქნებით დაცულები.
"რაც შეეხება ავიაციის მოდერნიზებას, არ ვიცი, რა იგულისხმა მინისტრმა. იანვარში საჰაერო ძალებიდან 200-ზე მეტი თანამშრომელი იქნა დათხოვილი, რომელთაგან რამდენიმე მაღალი კვალიფიკაციის მფრინავი იყო, კერძოდ ე.წ. იროკეზების ესკადრილიიდან. როგორც სატრანსპორტო, ასევე საცეცხლე მხარდაჭერის "მი" ტიპის შვეულმფრენებზე წინა მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა უარი თქვეს, თუმცა ნატოს წევრი უამრავი ქვეყანა ახერხებს მათ ექსპლოატაციას.
"იროკეზების" ესკადრილიიდან კადრების გადინება გრძელდება. 25 წლის განმავლობაში შექმნილი ავიაციის სკოლა მოვშალეთ. მოიერიშე თვითმფრინავებიც აღარ გვინდა. ვინმე ფიქრობს, ქვეყნის შიგნით კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში, როგორ ვიმოქმედებთ ავიაციის გარეშე, რამდენად მობილური და ეფექტიანი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალები?!
"ასევე, მწყობრში მოყვანა ესაჭიროება არტილერიას, შესაქმნელია საბრძოლო მარაგიც. თუმცა უნდა ვთქვა, რომ გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებმაც რამდენიმე ომი გამოიარეს, არტილერიაშიც ვანიავებთ.
"სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება კი ფართო სპექტრს მოიცავს, სამხედრო დაზვერვიდან დაწყებული, რადიოტექნიკური და რადიოლოკაციური სისტემებით დამთავრებული. ამ მხრივაც უამრავი პრობლემაა შეიარაღებულ ძალებში.
"მოკლედ, კარგია, რომ ეს მიმართულებები პრიორიტეტულად მიიჩნევა, მაგრამ კარგი იქნება, თუ თავდაცვის უწყება უფრო ვრცელ, კონცეპტუალურ და პროგრამულ დოკუმენტებს შეიმუშავებს და საზოგადოებას წარუდგენს. ასეთი პროგრამები საიდუმლოება არაა. სხვაგვარად, მხოლოდ ზოგადი სურვილების საფუძველზე, რთულია ანალიზი. რეფორმებზე, მრავალი წელია, საუბრებს ვისმენთ", - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ.
აღსანიშნავია, რომ გარდა ტექნიკის მოდერნიზების და ნატოს სტანდარტებთან თავდაცვითი შეიარაღების მორგებისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღჭურვილობისთვის გათვალისწინებულ თანხებზე. როგორც იზორიამ განაცხადა, სამ წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტიდან აღჭურვილობის დაფინანსებაზე 20% იქნება გამოყოფილი.
"როდესაც ფინანსებზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ნატო-ს მიერ განსაზღვრული, ისაა, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% აღჭურვილობაზე იყოს მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმოქმედებთ, თუ უწინ თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, ამ წლის ბიუჯეტით, 6%-ია. ანუ 3-ჯერ მეტი გახდა, მაგრამ ჩვენი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტს და 3 წლის განმავლობაში აღჭურვილობის დაფინანსება 20%-იანი ნიშნული გავხადოთ", - განაცხადა იზორიამ.
3 წელიწადში 20%-იან დაფინანსებას უარყოფითად აფასებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ეს დრო ძალიან დიდია და ამდენი ხანი მშვიდად ლოდინი დაუშვებელია.
"20% მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება, თუმცა 3 წელი ძალიან დიდი დროა. ანუ 3 წლის შემდეგ თუ მოიმატებს შესყიდვების წილი, მის სარგებელს მე-4 წლიდან ვიგრძნობთ. შეგვიძლია, 3-4 წელი ასე მშვიდად ვიყოთ? შეიძლება თქვენ არ იცით მდგომარეობა, მაგრამ მე ხომ ვიცი.
"ამიტომ, თუ ბიუჯეტის ზრდის მოლოდინი არ გვაქვს, შიდა რესურსები უნდა ვეძებოთ. არსებული ბიუჯეტი უფრო რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. თუ საჭიროა, შემცირდეს ყველა მეორეხარისხოვანი ხარჯი: მივლინებები, წარმომადგენლობითი ხარჯები, გავყიდოთ "ჯიპები", გადავსხდეთ უფრო იაფფასიან ტრანსპორტზე, შემცირდეს საწვავის ხარჯი, სატელეფონო მომსახურება, შემცირდეს სამოქალაქო ოფისი და ა.შ.
"ჯარი ქვეყანას დასაქმებისთვის კი არა, სამშობლოს დასაცავად ესაჭიროება. ზამთარში ოპტიმიზაცია ჩავატარეთ, პერსონალი დავითხოვეთ, მათ შორის კვალიფიციური კადრებიც. შემდეგ ახალი პერსონალის მიღება დავიწყეთ. შესაძლოა, იმ მასშტაბით არა, რამდენიც დათხოვილი იქნა, მაგრამ კითხვები იბადება. არანაირ კითხვას არ დავსვამ, თუ ხელს მომიწერს ვინმე, რომ 4-5 წლის განმავლობაში არმია არ დაგვჭირდება.
"საერთოდ, უნდა შევეშვათ ზოგადი დოკუმენტების წერასაც: მინისტრის ხედვა, თეთრი წიგნი და ათასი სხვა. გადავიდეთ კონკრეტულ საქმეზე. შეიქმნას სამთავრობო კომისია, დადგინდეს ჯარის მდგომარეობა და შემუშავდეს ვითარების გაუმჯობესების, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების კონკრეტული, მინიმუმ 3-4-წლიანი გეგმა. როცა მთავრობა სურათს დაინახავს, სახსრების გამონახვის გზებიც გამოჩნდება. ეს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებშიც შედის.
"რაც მე გესაუბრეთ, ბოლო 7-8 წლის ანალიზია. ვცდილობ, მაქსიმალურად მოზომილად ვისაუბრო, მაგრამ წლები გადის და ვითარება არ იცვლება", - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.