"საქართველოს აქვს ნატოს იმედი და ჩვენ ვართ თქვენ მიმართ პასუხისმგებლობით და ერთგულებით განმსჭვალული"
ნინო ქეთელაური
30.05.2017

 "მაპით თუ მის გარეშე, ორივე შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ მიიღოს უსაფრთხოების გარანტია, რათა ჩვენი ქვეყანა ჩრდილოელი მეზობლის აგრესიისგან იყოს დაცული," - აცხადებენ ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გამოითქვა კიდეც მზადყოფნა, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ალიანსის საპარლამენტო ასამბლეას თბილისში უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე დეკლარაცია მიიღო.

კენჭისყრამდე დეკლარაციის ტექსტში ქართულმა დელეგაციამ დამატების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, ქართული დელეგაციის წევრ სოფიო ქაცარავას მოთხოვნით, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს, სადაც რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდებაზეა საუბარი, დაემატა გადაადგილების თავისუფლების მოთხოვნა.

"რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ოკუპაციის ხაზზე და მის გასწვრივ, ამიტომ გვინდა, დელეგაციის სახელით შემოგთავაზოთ ქვეპარაგრაფი მე-18 პარაგრაფში, რომელიც მოითხოვს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლებას სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

სამიტის ფარგლებშივე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტნიოლერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ შეთანხმებას.

როუზ გოტნიოლერის განცხადებით, ეს ერთი შეხედვით ტექნიკური ხასიათის ხელშეკრულებაა, მაგრამ სინამდვილეში ხელს შეუწყობს ნატოსა და საქართველოს ეფექტურ თანამშრომლობას.

"საქართველოს აქვს ნატოს იმედი და ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, თქვენ ხართ ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ჩვენ ვართ თქვენ მიმართ პასუხისმგებლობით და ერთგულებით განმსჭვალული", - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის - პაოლო ალის განცხადებით კი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ორ ქვეყანასთან - საქართველოსთან და უკრაინასთან.

"ჩვენ სპეციალური კომიტეტები გვაქვს საქართველოსთვის და უკრაინისთვის. საქართველო და უკრაინა მსგავსი საფრთხის წინაშე დგანან: მათი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ გმობს ამას და მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა პაოლო ალიმ, რომელმაც ის მესიჯები გაახმოვანა, რასაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ ხალხს უგზავნის.

"ქართველი ხალხისთვის მესიჯი ის არის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს გვერდით დგას. მე ვიყავი საოკუპაციო ხაზთან. ჩემი თვალით ვნახე თუ რა ხდება იქ. ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ წინ მივიწევთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის", - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, ვარაუდით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც განიხილება, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი.

მისივე თქმით, მაპ-ი არის აღიარებული ინსტრუმენტი, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გამოთქვა თავისი პოზიცია, რომ საქართველოს განვითარების, მისი მზაობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მაპ-ი იყოს ნატოში გაწევრიანების დროში გადადება.

"ამიტომ, ბუნებრივია, პოლიტიკურ წრეებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც მაპ-ი არ იქნება აუცილებელი", - აღნიშნა თალაკვაძემ.

პოლიტოლოგ, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტ ირაკლი კიკიანის შეფასებით, ჩვენთან გამართული ნატოს სამიტი მიუთითებს, რომ საქართველო - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორობა კიდევ უფრო ღრმავდება.

"თბილისში გამართული სამიტი არის ერთგვარი დაგვირგვინება. ამ ყველაფრის მთავარი გზავნილი კი ისაა, რომ საქართველოზე უკვე გარკვეულწილად ვრცელდება უსაფრთხოების გარანტია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

"ნატოში გაწევრიანება საქართველოს სჭირდება სწორედ იმ გარანტიის მისაღებად, რომ ჩვენ არ ვართ მარტო და გარკვეული პრობლემების შემთხვევაში ალიანსი საქართველოს გვერდით აუცილებლად დადგება", - ამბობს ირაკლი კიკიანი.

რაც შეეხება მაპის გვერდის ავლით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ასეთი გამოცდილება არსებობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიის მიღებაა.

"რადგან არსებობს ამის პრეცედენტები, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც ნატოში მაპის გარეშე მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია. ნატოში გასაწევრიანებლად არ არის აუცილებელი, რომ საქართველომ გაიაროს გარდამავალი ეტაპი.

"ეს ნიშნავს, რომ ნატო იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს ეს საკითხი. თუმცა მაპით თუ მის გარეშე, ორივე შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს უსაფრთხოების გარანტია, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული ჩრდილოელი მეზობლის აგრესიისგან", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.

მისი თქმით, როდესაც გარანტიაზეა საუბარი, აქ იგულისხმება საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული გარანტია, რაც ენიჭება ამა თუ იმ სუბიექტს საერთაშორისო სამართლის კუთხით და "ის ვალდებულებები, რასაც თავის თავზე იღებენ ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, რომელიც მუდმივად არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს".

პოლიტოლოგ, თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას თქმით, ძირითადი გზავნილები, რაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაისმა, იყო ის, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, მის უფლებას, გაატაროს სუვერენული საგარეო პოლიტიკა და გახდეს ნატოს და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

"ნატომ მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს საკუთარი პროგრამები საქართველოს დასახმარებლად, მათ შორის, ტერიტორიული თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებით იმ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით, რაც ნატო-საქართველოს შორის არსებობს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისივე თქმით, მიუხედავად არსებული ინსტრუმენტებისა, საჭიროა უფრო მეტი მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით.

"ასევე, შესაძლოა, ნატომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით, რადგან მის წევრ ქვეყნებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

"ითქვა კიდეც, რომ ნატო ამ მხრივ დახმარებას გაგვიწევს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც აშშ და საფრანგეთი არიან, სწუხან იმის გამო, რომ რუსეთი იყენებს ჰიბრიდული ომის მეთოდებს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს მათ არჩევნებზე.

"ბუნებრივია, რომ ასეთივე სერიოზულობით უნდა განვიხილოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. ამიტომ ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×