(რეზონანსი) სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ე.წ. ციანიდს საქმის განხილვის დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. მისი განცხადებით, მოსამართლემ მას უთხრა, რომ ორივე მხარემ შემდეგი პროცესისთვის უნდა მოძებნონ საფუძველი, რის გამოც მომდევნო პროცესზე სახალხო დამცველი შეძლებს სასამართლო განხილვებზე დასწრებას, ვინაიდან, დღეს ასეთი საფუძველი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ვერ დაინახა, სახალხო დამცველი "ციანიდის საქმის" განხილვას ვერ დაესწრება.
"მოსამართლემ შემომთავაზა, რომ ორივე მხარემ მომდევნო პროცესისთვის ვიფიქროთ იმ საფუძველზე, რომლითაც სახალხო დამცველის დასწრება დახურულ პროცესზე შესაძლებელი იქნება. მე მას ვუთხარი, რომ არსებობს ორგანული კანონი, რომელიც სხვა კანონებზე მაღლა დგას და რომ სახალხო დამცველის დასწრება მსგავს პროცესებზე არსად აკრძალული არ არი" - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლე აპელირებს საპროცესო კოდექსზე, სადაც მსგავსი პროცესების დახურვასთან დაკავშირებით არავითარი ჩანაწერი არ არსებობს.
" ჩემი გადმოსახედიდან მოსამართლემ დაარღვია კანონი, თუმცა მე შემდეგ სასამართლომდე კიდევ ერთ შანსს მივცემ მოსამართლეს, რათა უფრო კარგად მოემზადოს ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, შემდეგ სხდომაზე სახალხო დამცველი დახურულ სხდომას დაესწრება", - განაცხადა ომბუდსმენმა.