(რეზონანსი) შპს ,,გერალის" დირექტორის, ტარიელ წიკლაურის განცხადებით, ხვალ თუშეთში, სპეციალისტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც მეწყერის შედეგად დაგუბებულ ტბას ააფეთქებს.
,,უკვე გადავჭერით სარისკო ზვავები და ტბამდე მივედით. ადგილზე ხვალ ამფეთქებლებიც ჩავლენ და პროცესი ნებართვის გაცემის შემდეგ, სავარაუდოდ სამ დღეში დაიწყება. წყლის სიღრმე 5-დან 8 მეტრამდე მერყეობს. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. გზა სავარაუდოდ 20 ივნისამდე გაიხსნება" , - განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.
ომალო-თუშეთის გზის 55-56 კილომეტრზე გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხერხდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერი სამი თვის წინ ჩამოწვა. გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,გერალის" თანამშრომელი, 54 წლის კაცი ემსხვერპლა. ის ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც თითქმის 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.