რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) ჩეხეთი კარლოვი ვარის კინოფესტივალს უმასპინძლებს, სადაც ორი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის კონკურსშია გიორგი ოვაშვილის ფილმი „ხიბულა", რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

გიორგი ოვაშვილი, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა. მისმა ფილმმა „სიმინდის კუნძული" კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი, თავად რეჟისორი კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში კიდევ ერთი ქართული ფილმი მონაწილეობს, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს ეკუთვნის. „დედე" რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. „დედეს" გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყოველწლიურად 1500 სტუმარი ესწრება, მათ შორის მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლები. ფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×