(რეზონანსი) საპარლამენო ოპოზიციის ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით:
"გზას, რომელსაც „ქართული ოცნება" ადგას მიწასთან დაკავშირებით, სრულიად საპირისპიროდ მიდის, ვიდრე ამას ილია ჭავჭავაძე გვთავაზობდა. ამ ინიციატივის ამოქმედებიდან მალევე მიწის მეპატრონეები აღმოაჩენენ, რომ მათმა მიწამ დაკარგა ფასი, ხოლო პროდუქცია, რომელიც ამ მიწაზე იქნება მოყვანილი, იქნება არაკონკურენტუნარიანი იმპორტირებულ პროდუქციასთან", - აცხადება ჭიაბერაშვილი.
რომან გოცირიძის თქმით, "ქართული ოცნების" ინიციატივა არის ურაპატრიოტულ გრძნობებზე აგებული დოკუმენტი.
"ამ ინიციატივას საქართველოს ეკონომიკისთვის კარგი შედეგები ვერ ექნება. ეს არის ისეთი კანონი, რომელიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეაფერხებს. ეს გადაწყვეტილება არის რეალური ვითარების არცოდნა და მმართველი გუნდის ჩამორჩენილი შეხედულებების დემონსტირება", - აცხადებს გოცირიძე.
უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გადაეცეს თუ მას საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება გააჩნია ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას ფლობს.