(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი, ალექსანდრე ხვადაგიანი წარუდგინა.
გიორგი მღებრიშვილმა მასთან ერთად საპატრულო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.
„საპატრულო პოლიციაში არსებითი რეფორმა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც ახალი იმპულსი იქნება. ეს ღონისძიებები მოიცავს, ასევე, გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ალექსანდრე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.