(რეზონანსი) სამედიცინო დაწესებულებებს კანონით დაკისრებული ვალდებულება ექნებათ, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამასთან, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
აღნიშნული წინადადება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი.
„მოქმედი კანონი ექიმს ავალდებულებს, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა. თუმცა კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება. შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი", - განაცხადეს კომიტეტის სხდომაზე.