"პატრიოტთა ალიანსი" მზად არის, მოსკოვში წავიდეს და რუს დეპუტატებს შეხვდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ადა მარშანიამ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ხალხნო, ნატო-ს თავად უნდა დიალოგი და ჩვენ, რომლებმაც უბედურება გადავიტანეთ, სად ვართ, რატომ არ ვეძებთ რუსეთთან რეალური დიალოგის საშუალებას და რეალური ურთიერთობების დამყარების მცდელობა რატომ არ გვაქვს? კმარა განცხადებები და გამოსვლები ამ თემაზე, დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.
"მე ვიცი, როგორი ტრაგიკული პრობლემებია ოკუპირებულ რეგიონებში. ვაცხადებ, რომ მზად ვართ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გადადგას პირველი ნაბიჯი, მზად ვართ, წავიდეთ მოსკოვში და შევხვდეთ რუს დეპუტატებს", - განაცხადა ადა მარშანიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის მზად არის, ადა მარშანიასთან ერთად წავიდეს მოსკოვში.
"თუ ადა მარშანია რუსეთში წასვლაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი პიროვნებიდან გამომდინარე შეიძლება შევთავაზო, წამოგყვები-მეთქი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვისას განაცხადა.
უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი პარლამენტარები მოსკოვში, რუს დეპუტატებთან დიალოგისთვის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე არქიტექტორ-ურბანისტი): ადრე თუ გვიან დიალოგის დაწყება მოგვიწევს. თუმცა, ეს საერთო კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს და მე ვერ გეტყვით, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს რა კონცეფცია აქვს იმისთვის, რომ მოაწესრიგოს ეს ურთიერთობა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ასეთი პასიური პოლიტიკა, როგორიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, სიგიჟისა და ღალატის ტოლფასია. გააჩნია რაზე წავლენ, თუ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დაიწყება საუბარი, ეს დიალოგი ნებისმიერ დროს უნდა დაიწყოს.
გია ბუღაძე (ფერმწერი): არა, მესამე მხარის გარეშე ვთვლი, რომ არ უნდა წავიდნენ. ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების გარეშე არ უნდა მოხდეს დიალოგის დაწყება, რადგან ეს ისევ და ისევ იქნება კაპიტულანტური პოზიციის გამოხატულება.
რუსი პოლიტიკოსები და კულტურის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომ საქართველო მათი პროვინციაა. ეს უსაზღვროდ გაუმართლებელი და უაზრო დათმობის პოლიტიკის შედეგია. ამიტომ არავითარი პირდაპირი კონტაქტები რუსეთთან არ შეიძლება.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება კარგად ორგანიზებული შეხვედრა, თუნდაც მცირეოდენი შედეგის მოტანისთვის.
თუმცა შესაძლოა, ესეც კარგი იყოს, რადგან მახსოვს, როგორ ნელ-ნელა დაიწყეს ევროპაში იმის დანახვა, რომ ჩვენ აფხაზების დახოცვა კი არ გვინდოდა, არამედ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა. ევროპელებსაც უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს.
წავიდნენ და დაელაპარაკონ, თუმცა ეს საუბარი არაფრით დამთავრდება. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან იმ ადამიანებს ჩვენთან მეგობრობა კი არა, ჩვენი ტერიტორიები უნდათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე