ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ზლქ ნატო-ს სტანდარტების ამერიკული ანალოგი ემ-240 ჩაანაცვლებს. ანალიტიკოსების აზრით კი, აშშ-სთან ბოლო შეთანხმების საფუძველზე, კიდევ მეტ დახმარებას უნდა ველოდოთ.
აღნიშნული იარაღის სადემონსტრაციო გამოცდა კრწანისის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში გაიმართა.
საქარველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებით, ეს არის სიმბოლო იმ მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომ აშშ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში დაეხმარება.
"მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, აღვჭურვოთ საქართველოს ჯარი ემ-240 ტიპის იარაღით. ეს არის სტანდარტული იარაღი, რომელსაც იყენებს ნატო-ს შეიარაღება. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და სიმბოლო იმ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე გადაწყვეტილებისა, რათა დავეხმაროთ საქართველოს შესაძლო აგრესიის შეკავებაში", - განაცხადა ელჩმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით კი, ჩვენი ქვეყნის საბოლოო მიზანი ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობაა.
"საბოლოო მიზანია, დავუახლოვდეთ ნატო-ს და გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ნატო-ს მხრიდან. მინდა გამოვყო ნატო-ს ძირითადი ჯგუფის მხარდაჭერა და მადლობას ვუხდი ამისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის", - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცენტრი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის მიზანია ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება.
"ის სტანდარტები, რა სტანდარტებითაც ტარდება წვრთნები, არის აბსოლუტურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. რეგიონში ასეთი ცენტრი არის უპრეცედენტო. ასეთი წვრთნების შედეგად ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს, ვიდრე თუნდაც 2 წლის წინ.
"მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აშშ-ის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სიმულაციურ საველე და სამეთაურო სწავლებებს. თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ემ-240-ით აღჭურვა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. მე გადავეცი ეს ტყვიამფრქვევი 43-ე ბატალიონს, რომელიც გაივლის პირველ წვრთნებს საქართველოს მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა იზორიამ.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თვითონ დახმარების ფაქტი, რომელსაც საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორისგან იღებს.
რაც შეეხება ერთი ტყვიამფრქვევის მეორით ჩანაცვლებას, ანალიკიტოსი ამბობს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეა.
"რომელ შეიარაღებას ავირჩევთ, ეს საქართველოს შიდა საქმეა. მთავრობამ და გენერალურმა შტაბმა უნდა გათვალონ არმიის საჭიროებები. საკითხს კომპლექსურად უნდა მიუდგნენ: რა მარაგი გაგვაჩნია როგორც ტყვიამფრქვევების, ასევე მისთვის საჭირო ვაზნების.
"რა ხდება წარმოების კუთხით? შეგვიძლია თუ არა, ვაწარმოოთ "დელტას" ბაზაზე ან ტყვიამფრქვევები, ან ვაზნები? რა მარაგის შექმნა დაგვჭირდება რეზერვისთვის და ა.შ.
"თვითონ ტყვიამფრქვევებს რაც შეეხება, მათ შორის დიდი სხვაობა არაა, მათ თითქმის ერთი და იგივე მონაცემები აქვთ. ტექნიკურ მონაცემებში განსხვავდება სამზინე მანძილი, მეტი აქვს რუსულ პკპ-ს. სხვაობა არის ვაზნებშიც. ნატო-ს სტანდარტია 7,62ხ51, ხოლო რუსული - 7,62ხ54", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
რა არის კიდევ იმისთვის საჭირო, რომ საქართველო შეიარღების კუთხით ნატო-ს სტანდარტებს ბოლომდე მიუახლოვდეს, ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ საქართველო მთლიანობაში შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც წევრობისთვისაა საჭირო, მაგრამ არსებობს პრობლემებიც.
"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სახელმწიფო მთლიანობაში შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებიც წევრობისთვისაა საჭირო, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ხაზით უამრავი პრობლემაა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ.
"ეს პრობლემები წლებია გროვდება და მათ გადაწყვეტას სამთავრობო დონეზე ესაჭიროება გადაწყვეტა. აქვე დავძენ, რომ ეს პრობლემები სულაც არ წარმოადგენს წინააღმდეგობას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით", - ამბობს ამირან სალუქვაძე.