(რეზონანსი) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
„პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია" , - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.ის თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.
აფგან მუხთარლი ერთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, რადგან ჟურნალისტური საქმიანობის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ.