(რეზონანსი) ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა წარსულში პატრიარქის შესაძლო მოწამვლის სხვა ბრალდებებს იხსენებს. მეუფე აღნიშნავს, რომ უწმინდესის მოწამვლის თემით, სანდრა რულოვსსაც აშანტაჟებდნენ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა „ტვ პირველზე", გადაცემა „რეაქციას" ეთერში ისაუბრა.
„მათ აკავშირებდათ მუსიკა. სანდრა რულოვსი კირიელეისონის სოლისტი იყო სამების საკათედრო ტაძარში, ხშირად დადიოდა საღამოს ლოცვებზე და მოულოდნელად მან მიატოვა ეკლესიაში სიარული. როდესაც მოვიკითხე, თუ რატომ აღარ დადიოდა, მითხრეს, რომ ხმა გავრცელდა, თითქოს მას პატრიარქის მოწამვლის დავალება ჰქონდა და ამიტომ იუხერხულა და აღარ დადისო. უამრავი სხვა შემთხვევა არსებობს,როდესაც დაშანტაჟებულები ვიყავით პატრიარქის შესაძლო მოწამვლით" , - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრე აღნიშნავს,რომ 9 მარტის სინოდის სხდომის შემდეგ უწმინდესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ჯერჯერობით მასთან დაკავშირებას არ აპირებს.
„სანამ პატრიარქი არ გადადგამს რაღაც ღირსეულ ნაბიჯს და არ გაანთავისუფლებს საპატრიარქოს თეთრუაშვილის ბოროტი ძალისგან, აზრი არ აქვს ჩვენს კომუნიკაციას" , - განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქი მისი გარემოცვის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არის, რადგან დეკანოზ მამალაძის მიმართ თავდაპირველი დამოკიდებულება რადიკალურად შეაცვლევინეს.
„არაერთხელ შევსწრებივარ, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევად საღდება ამ ბინძური ქალის მზაკვრული იდეები. ამას ახმოვანებს არა მხოლოდ ერის ადამიანი, სასულიერო პირიც. პატრიარქი არის ზეწოლის ქვეშ, ის ჩამოსვლისთანავე იძახდა,რომ სურდა დეკანოზის განთავისუფლება" , - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.