(რეზონანსი) ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ძმამ „რუსთავი 2"-ზე, „არჩევანის" ეთერში განაცხადა, რომ მისი ძმის ზიარებას მეუფე იაკობი კრძალავს. თორნიკე მამალაძის თქმით, რამდენიმე მღვდელმა თავად გამოთქვა დეკანოზ მამალაძისგან აღსარების აღების და მისი ზიარების სურვილი. თუმცა, დაკავებულ მამა გიორგი მამალაძესთან შესვლის უფლება, მათ მეუფე იაკობმა არ მისცა.
„მე რამდენიმე მღვდელს შევხვდი თბილისში, ვთხოვე მამაოსთან შესულიყვნენ და მითხრეს, მე პირადად მაქვს სურვილი, რომ შევიდე მამა გიორგისთანო, მოვისმინო, ვაზიარო, მისგან გავიგო ეს ყველაფერი, მაგრამ მეუფე იაკობისგან კატეგორიულად არის აკრძალვაო" , - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
დაკავებული დეკანოზის ძმა აცხადებს,რომ შესაძლოა მამა გიორგის ოჯახის წევრების პატრიარქთან შესვლის პრობლემაც მეუფე იაკობს უკავშირდებოდეს.
„საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ვითხოვთ პატრიარქთან შეხვედრას, რადგან პატრიარქი არის სულიერი მამა. ჩვენც, მამა გიორგის ოჯახიც სულიერი შვილები ვართ. შთაბეჭდილება მრჩება,რომ გვბლოკავს მეუფე იაკობი" , - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.