(რეზონანსი) ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძე საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, თანამდებობისთვის კი ბათუმის ბიუჯეტიდან, 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი აქვს აღებული. ირაკლი მიქელაძე ახლა გერმანიაში მეუღლესთან ერთად იმყოფება და საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილ ლიმიტსაც ითვისებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს აპრილში სამსახურში მიუსვლელად 3525 ლარი აქვს აღებული. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს. მისი ხელფასი თვეში 2350 ლარია, რასაც ემატება პრემია 1175 ლარის ოდენობით. თვეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება - 3525 ლარია. „ბათუმელები" საკრებულოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე წერს,რომ მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ირაკლი მიქელაძემ ხელფასის სახით 9400 ლარი, ხოლო პრემია - 7050 ლარი მიიღო.
„ბათუმელების" ინფორმაციით, ირაკლი მიქელაძეს, ისევე როგორც საკრებულოს ნებისმიერ წევრს, უფლებამოსილება შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ ის არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას საკრებულოს მუშაობაში.
„სამართლებრივი დარღვევა არ არის და მე რა უნდა გამერკვია? არ დავინტერესებულვარ, სად არის და რატომ არ დადის. მე როგორც ვიცი, ოჯახიდან გამომდინარე არის წასული საზღვარგარეთ... არ მაქვს არავითარი პასუხისმგებლობა,რომ ირაკლი მიქელაძე ვეძებო" , - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა სირაბიძემ.