(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებასა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავების ფაქტს ეხმაურება.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მუხთარლის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძალიან მძიმეა და ეს განცხადება ბოლომდე არის გასააზრებელი. პრეზიდენტის თქმით, მომხდარი ამბავი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა.
„საქართველოს, როგორც ჟურნალისტიკის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რეგიონში ლიდერის როლი აქვს. ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა" , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.